ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ევროკავშირი აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებისთვის უნდა მოემზადოს. როგორც ლაგარდმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი სატარიფო რეჟიმის ამოქმედებისათვის ემზადება, რაც ევროკავშირის ეკონომიკისთვის საზიანო იქნება, რადგან ევროპული პროდუქციისა და სერვისების უდიდესი ნაწილი ექსპორტზე სწორედ აშშ-ში გადის.
დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში აშშ-ის მთავრობა ევროპის, ჩინეთისა და მექსიკის წინააღმდეგ ახალ სავაჭრო შეზღუდვებს და ტარიფებს აამოქმედებს, რათა აშშ-ის ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობა გაზარდოს, რაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას და ამერიკული საფონდო ბირჟის აღმასვლას შეუწყობს ხელს.
ლაგარდის განმარტებით, ტარიფების პოლიტიკა აშშ-ში პროდუქციის გაძვირებას და ინფლაციის დაჩქარებას გამოიწვევს, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მოსახლეობას მიაყენებს ზიანს. ამასთან, ECB-ის ხელმძღვანელი აშშ-ში წარმოების სექტორის შეზღუდულ შესაძლებლობებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამერიკული კომპანიები ევროპელი და აზიელი მწარმოებლების მყისიერად ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ, რადგან შესაბამისი რაოდენობის ქარხნები, საწარმოების და სამუშაო ძალა აშშ-ში ფიზიკურად არ არის, რაც ქვეყანაში სასაქონლო დეფიციტს და პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.
კრისტინ ლაგარდის თქმით, საუკეთესო შედეგის მისაღწევად და ეკონომიკური ზრდის მაქსიმალურად დასაჩქარებლად აშშ-ევროპას შორის სავაჭრო ბარიერები მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და ბიზნესის კეთება გამარტივდეს, რაც, გრძელ ვადაში, ორივე მხარეს უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, ვიდრე პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება, რომელსაც ტრამპი აანონსებს.