მომდევნო თვიდან ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის, $28 მილიარდის ღირებულების პროდუქტზე, იმპორტის გადასახადებს აამოქმედებს. ამის შესახებ ევროკომისიამ აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული 25%-იანი ტარიფი დღეიდან ამოქმედდა.
ევროპული კომისიის განცხადებით, ბლოკი 1 აპრილიდან აუქმებს ამერიკული პროდუქტების იმპორტზე შეღავათებს და მომდევნო თვის მეორე ნახევარში აშშ-ის საპასუხოდ ახალ ზომებსაც გაატარებს.
საშეღავათო პირობები ეხებოდა მრავალი დასახელების პროდუქტს, როგორც სურსათის, ასევე ტრანსპორტის მიმართულებით. ევროკავშირის ცნობით, ბლოკი 2-კვირიან კონსულტაციებს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ტარიფებისთვის ახალ კატეგორიებს გამოყოფენ.
ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფები დამატებით 18 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქტებს შეეხება, ბლოკის ძირითადი მიზანი კი ისაა, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები თანხვედრაშია შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებთან. სამიზნე პროდუქტებს შორისაა ფოლადი და ალუმინი, ქსოვილები, საოჯახო ტექნიკა, პლასტმასა, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სხვა.
"ჩვენი საპასუხო მექანიზმი ორ ეტაპად ამოქმედდება. დაიწყება 1 აპრილიდან და სრულად შევა ძალაში 13 აპრილს. მზად ვართ სერიოზულ დიალოგში ჩართვისთვის. ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ მაროს სეფკოვიჩს დავავალე, რომ უკეთესი გამოსავლის საძებნელად აშშ-სთან მუშაობა გააგრძელოს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.