მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროკავშირი ჩვენთან სამართლიანად არ იქცევა“ - რომან კაკულია

63f0cbb302c5e
თინათინ ნატმელაძე
18.02.23 18:18
1113
„მაქვს შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი ჩვენთან სამართლიანად არ იქცევა, მაქვს ამ მოსაზრების ქონის უფლება - არ შეიძლება მათი მხრიდან ასეთი განცხადებების კეთება“ - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ამჟამად საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ BMGtv-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად ნორმალურია განცხადებები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ, ყოფილი პარლამენტარი პასუხობს, რომ არც ისაა ნორმალური, რაც დღეს ევროკავშირში ხდება.

„იქედან გამოწვდილი ხელიც არ არის ისეთი, როგორსაც საქართველო იმსახურებს დღეს. ძალიან ბევრ თემაში მგონია, რომ მეც იგივეს გავაკეთებდი, რასაც მთავრობა აკეთებს.

რა თქმა უნდა, რომ საქართველოს ისეთივე მიდგომა ვერ ექნებოდა რუსეთის მიმართ, როგორიც ნატოს და ევროკავშირს აქვს, ისევ და ისევ იმიტომ, რომ ჩვენ პირველ რიგში მათგან არ გვაქვს დაცულობის ხარისხი და ამას უკრაინის მაგალითზეც ვხედავთ“, - ამბობს რომან კაკულია.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე ე.წ. გადარჩენის პოლიტიკა აქვს და არ შეუძლია დაეთანხმოს იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ მმართველი პარტია საქართველოს ევროკავშრიში ინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს.

„შესაძლოა, რაღაც დააკლო ხელისუფლებამ, თუმცა ვერავის დავეთანხმები, ვინც ამბობს, რომ არაფერი კეთდება. ვინც ამ შეფასებებს აკეთებს, იმედი მაქვს, იმასაც ხვდება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ორ კომპონენტიანია, ეს არის ტექნიკური ნაწილი და პოლიტიკური ნაწილი. ტექნიკურ ნაწილში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა და კეთდება კიდევაც, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მე არ ვიცი, რას ნიშნავს მაქსიმუმის გაკეთება, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში საქართველოს არ აქვს იმხელა ძალაუფლება, რომ თავად შექმნას ტენდენციები, ის იძულებულია, რომ სხვების შექმნილ ტენდენციებს მიყვეს.

ამჟამად იმდენი ფაქტორი მოქმედებს ხელისუფლებაზე და იმდენად შეზღუდულები არიან, რომ მხარდაჭერის განწყობა უფრო მეტი მაქვს, ვიდრე კრიტიკის. ამ წუთას მთავრობას აქვს გადარჩენის პოლიტიკა, მე ეს მესმის და მაქვს არგუმენტები იმისთვის, რომ ავხსნა თუ რატოა ეს პოლიტიკა სწორი. მთლიანობაში, მთავრობა ცდილობს, რომ გადაარჩინოს ეს სიტუაცია იმისთვის, რომ მერე თავისი განვითარების სწორი ორიენტირი გააკეთოს.

ამ მიზეზების გამო ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც რადიკალურად აკრიტიკებენ ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს, უფრო სიღრმისეულად უნდა დაფიქრდნენ ამ საკითხზე“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ NDI-მ რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, თუმცა ამასთან ერთად მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს, ან საკმარისს არ აკეთებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები