მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი და ავსტრალია სავაჭრო შეთანხმების დადებისთვის ემზადებიან

ავსტრალია და ევროკავშირი

მიმდინარე თვეს ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავსტრალიას ეწვევა, რათა პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის შეხვდეს და ორ მხარეს შორის სავაჭრო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საბოლოოდ დაასრულოს და მოამზადოს საფუძველი გარიგების ოფიციალურად დადებისთვის.

როგორც ირკვევა, ორი ლიდერის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დასრულების შემდეგაა ჩანიშნული. შეგახსენებთ, აღნიშნული სამიტი 13-15 თებერვალს გაიმართება.

ევროკავშირსა და ავსტრალიას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები 2023 წელს შეჩერდა, რადგან მხარეები პოზიციების დაახლოებას ვერ ახერხებდნენ. განსაკუთრებით ეს სოფლის მეურნეობის სფეროს ეხებოდა.

ცნობისთვის, ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ეკონომიკურ გაერთიანება მერკოსურს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზიც სწორედ იგივე ინდუსტრია იყო. ევროპელი ფერმერები შიშობენ, რომ ბაზარზე უცხოური, ნაკლებად ძვირად ღირებული პროდუქციის გამოჩენა მათ ბიზნესებს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. სავარაუდოა, რომ ფონ დერ ლაიენსა და ალბანეზის შეხვედრის მიზანი ამ საკითხის ამჯერად საბოლოოდ გადაჭრა იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდრე ევროპული კომისიის პრეზიდენტი ავსტრალიაში გაემგზავრება, ბრიუსელში ერთმანეთს ვაჭრობის საკითხებში უმაღლესი კომისარი მაროშ შეფჩოვიჩი და ავსტრალიის ვაჭრობის მინისტრი, დონ ფარელი შეხვდებიან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამჯერად სავაჭრო მოლაპარაკებების ნაწილი კრიტიკული მინერალების საკითხიც იქნება. როგორც ცნობილია, ავსტრალია ლითიუმისა და სპილენძის განსაკუთრებით დიდ მარაგებს ფლობს და ამუშავებს კიდეც. დაზუსტებისთვის, ავსტრალია ლითიუმის ყველაზე დიდი გადამმუშავებელი ქვეყანაა, სპილენძის მარაგების რაოდენობით კი, მსოფლიოში მე-2. სწორედ ამ რესურსებზე წვდომის მოპოვებაა და დივერსიფიცირებაა ის, რითაც ევროკავშირი ახლა ყველაზე მეტადაა დაინტერესებული. შეგახსენებთ, ამჟამად გაერთიანება ჩინეთზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება კი მას სტრატეგიულ საფრთხეს უქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები