ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთსა და ირანში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული შეშფოთებით აკვირდება. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სახელით გავრცელდა.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ უკვე აამოქმედა ფართომასშტაბიანი სანქციები ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც პასუხია როგორც საკუთარი მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევაზე, ისე ბალისტიკური რაკეტების პროგრამასა და შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერაზე.
„ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის დამატებითი სანქციების მეშვეობით. ევროკავშირი თანმიმდევრულად მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, თავი შეიკავოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობებისგან რეგიონსა და ევროპაში და დაასრულოს შემზარავი ძალადობა და რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, ირანის მიერ რამდენიმე ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა გაუმართლებელია და თეირანმა თავი უნდა შეიკავოს „განურჩეველი სამხედრო დარტყმებისგან“.
ევროპული მხარე ყველა აქტორს მოუწოდებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვისკენ
„ჩვენ მოვითხოვთ მაქსიმალურ თავშეკავებას, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების პრინციპების სრულ პატივისცემას. ნებისმიერი გაჭიანურებული ომით ახლო აღმოსავლეთი დიდ ზარალს ნახავს“.
ევროკავშირი ასევე მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ირანის სრული თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დაცვა.
განცხადების თანახმად, ესკალაციამ შესაძლოა „პროგნოზირებადი შედეგები“ გამოიწვიოს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკის სფეროშიც.
„ირანში მიმდინარე მოვლენებმა არ უნდა გამოიწვიოს ესკალაცია, რომელიც დაემუქრება ახლო აღმოსავლეთს, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ სტაბილურობას. თავიდან უნდა იქნეს აცილებული კრიტიკული საზღვაო გზების, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე, მუშაობის შეფერხება“.
ბრიუსელი კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას ირანის მოქალაქეებს და „მტკიცედ უჭერს მხარს მათ ფუნდამენტურ მისწრაფებებს ისეთი მომავლისკენ, სადაც მათი საყოველთაო ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები სრულად იქნება დაცული“.




























