ევროკავშირი ისრაელური პროდუქტებისთვის სავაჭრო შეღავათების მოხსნას და სავაჭრო შეთანხმების ნაწილობრივ გაჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია Euronews-თან საუბრისას საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გააჟღერა.
მისი თქმით, ღაზაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისა და იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მხრიდან გამოვლენილი დარღვევების ფონზე, ევროკავშირი ვალდებულია, გადადგას საპასუხო ნაბიჯები. კალასმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ევროკავშირში შესული ისრაელური პროდუქციის 37%-ს მნიშვნელოვანი შეღავათები შეეხო და თუ ინიციატივა დამტკიცდა, ის კონკურენტებთან შედარებით პრივილეგირებულ პოზიციაში აღარ იქნება.
ცნობისთვის, ამჟამად არსებული შეთანხმების ფარგლებში, ისრაელური პროდუქციის ნაწილს ნულოვანი ტარიფები აქვს დაწესებული, ნაწილზე კი დამატებითი გადასახადის მოცულობა მინიმალურია. ამასთან, გამარტივებულია მომსახურების პროცედურები, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. კიდევ ერთი უპირატესობა, რომლითაც ქვეყანა სარგებლობს, ეს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე გამარტივებული წვდომაა.
კალასი განმარტავს, რომ წარდგენილი ინიციატივის დამტკიცებას ევროკავშირის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება. მათ შორის, ისეთი ქვეყნების, როგორებიც გერმანია და იტალია არიან. უმაღლესი წარმომადგენელი თავს იკავებს იმის თქმისგან, მოხერხდება თუ არა პროექტის დამტკიცება, თუმცა აღნიშნავს, რომ განხილვა ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იქნება და გამოაჩენს, ვისთვის არის რეალურად არსებული ვითარება მიუღებელი.




























