მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი მცირე ზომის ამანათების იმპორტზე €3-იან გადასახადს აწესებს

temu
სტატიაში საუბარია:

2026 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირი მცირე ზომის ამანათების იმპორტზე გადასახადს აწესებს. მოსალოდნელია, რომ ეს ყველაზე მეტად ისეთ ელ.კომერციის პლატფორმებს შეეხება, როგორებიც Temu და Shein-ია.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ €3-იანი გადასახადის დაწესებაზე ყველა იმ ამანათზე, რომლის ღირებულებაც €150-ზე ნაკლებია. გადაწყვეტილების მიზანია, შეიზღუდოს ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმების მზარდი დომინაცია.

"ელექტრონული კომერციის სწრაფი გაფართოების ფონზე, სამყარო სწრაფად იცვლება – და ჩვენ გვჭირდება სწორი ინსტრუმენტები, რომ ამ პროცესს ფეხი ავუწყოთ.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შემავალ მცირე ამანათებზე საბაჟო გადასახადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ჩვენს საზღვრებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, მაროშ შეფჩოვიჩმა.

გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა, ვრცელდება თითოეულ ამანათზე და არა ნივთზე. ეს ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელი შეიძენს სამ ნივთს, რომელიც ერთი ამანათით გამოიგზავნება, გადასახადი €3 იქნება; ხოლო თუ ნივთები სამ ცალკეულ ამანათად იქნება მოწოდებული, გადასახადი თითოეულ მათგანზე გავრცელდება.

ბოლო წლებში ევროკავშირში შესული მცირე ზომის ელექტრონული კომერციის ამანათების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ევროკომისიის მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირში €150-ზე ნაკლები ღირებულების დაახლოებით 4.6 მილიარდი დაბალფასიანი ნივთის იმპორტი განხორციელდა, რაც დღეში საშუალოდ 12 მილიონ ამანათს შეადგენს.

ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება 2023 წელს შესულ 2.3 მილიარდსა და 2022 წლის 1.4 მილიარდს.

ამჟამად მოქმედი წესებით, 150 ევროზე ნაკლები ღირებულების ამანათები საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება. თუმცა, ევროკავშირი ცოტა ხნის წინ შეთანხმდა, რომ გააუქმოს აღნიშნული გამონაკლისი.

ეს გადაწყვეტილება დროებითია, სანამ ევროკავშირი არ მოძებნის მუდმივ გამოსავალს, თუ როგორ გააუქმოს საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები