ევროკავშირმა 2027 წელი დაადგინა ბოლო ვადად, როცა 27-ვე წევრმა სახელმწიფომ რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტი სრულად უნდა შეაჩეროს. ევროკომისიამ 6 მაისს შესაბამისი სტრატეგია წარადგინა, რომელიც, ვიდრე ძალაში შევა, კანონმდებლობად უნდა იქცეს. სტრატეგიის შემუშავება ევროკომისიის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებიდან 100 დღის განმავლობაში იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო.
წარდგენილი გეგმის თანახმად, რუსულ ენერგოპროდუქტებზე ევროპა ეტაპობრივად იტყვის უარს: პირველ ეტაპზე, 2025 წლის ბოლომდე იკრძალება ყველა ახალი და მოკლევადიანი კონტრაქტი; მეორე ეტაპზე კი 2027 წლისთვის გაუქმდება ყველა გრძელვადიანი კონტრაქტი, რომლებზეც რუსული გაზის ⅔-ის იმპორტი მოდის. დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება რუსული ნავთობისა და ბირთვული ენერგიის პროდუქტების იმპორტზეც. თითოეულ სახელმწიფოს ექნება ვალდებულება, წარადგინოს რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტის შეჩერების ეროვნული სტრატეგია. ვალდებულება გავრცელდება თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზეც.
რუსული ენერგოპროდუქტებით ვაჭრობის ომამდელ მასშტაბებამდე აღდგენა სამომავლო მშვიდობის შეთანხმების ერთ-ერთ სავარაუდო პირობად განიხილებოდა. ახალი სტრატეგიით ბრიუსელი ამ იდეას სრულად გამორიცხავს და სანაცვლოდ უზრუნველყოფს ყველა საჭირო ზომას, რათა რუსული წიაღისეული საწვავი წარსულში დარჩეს.
როგორც ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, დენ იორგენსენმა განაცხადა, ჩანს, რომ პუტინი ენერგიის იარაღად ქცევას არ ერიდება, რის გამოც ევროკავშირმა თავი მოწყვლად პოზიციაში აღარ უნდა ჩაიგდოს. მისივე თქმით, ევროპამ უარი უნდა თქვას რუსეთის საომარი ხაზინის ავსებაზეც, რადგან არავინ იცის, რომელი ქვეყანა იქნება მისი შემდეგი სამიზნე.
გასულ წელს ევროკავშირმა 31.62 მილიარდი კუბმეტრი რუსული გაზი და 20.05 მილიარდი კუბმეტრი თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდა, რაც ბლოკის მოთხოვნის 19%-ს შეადგენს. ჯამურად, ევროკავშირმა რუსულ ენერგოპროდუქტებზე 2024 წელს 23 მილიარდი ევრო დახარჯა, რაც უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას აღემატება.
ცნობისთვის, 2025 წლის დასაწყისში ევროკავშირის 10-მა ქვეყანამ - ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, რუმინეთმა და შვედეთმა - ხელი მოაწერეს ერთობლივ მიმართვას, რომელიც რუსული საწვავის იმპორტის აკრძალვას ითხოვდა. თავის მხრივ, ამის წინააღმდეგი არიან უნგრეთი და სლოვაკეთი.