მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი საარჩევნო შეთანხმების მიღწევაზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს

5e6669873d5c5
BM.GE
09.03.20 20:10
965
ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი საქართველოში საარჩევნო სისტემის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აკეთებს. განცხადების მიხედვით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ გუშინ მიღწეული შეთანხების პირობები დაცული იქნება. 

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადება:

"კვირას, საქართველოს მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა – ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით – მიაღწიეს შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. პარტიებმა ასევე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც ხაზგასმულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ისეთი ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობა, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც საქართველოში მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. ეს იყო სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგი, რომელსაც ფასილიტაციას უწევდნენ საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ევროსაბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები.

ეს შეთანხმება არის ძალზე მისასალმებელი, მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნიშანი ყველა პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან და ის საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს ასახავს. ჩვენ ვულოცავთ ყველა ხელმომწერს, რადგან მათ უპირატესობა მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მხარე დაიცავს შეთანხმებას და უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ მის წარმატებით მიღებას უახლოეს კვირებში, მოგვიანებით კი – მის ეფექტიან განხორციელებას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა პარტიას, სწრაფად და სრულად შეასრულონ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ბოლო არჩევნების შემდეგ გაცემული რეკომენდაციები, რათა უზრუნველყონ, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი ნდობა მოიპოვოს,"- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, მომზადდება საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნები 120/30-ის სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები