მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი საქართველოს გიდების სერტიფიცირების გეგმის მომზადებაში დაეხმარება

5ec3a2ba5cb00
BM.GE
19.05.20 13:08
807
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელს დომენიკ პაპენჰაიმს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GiZ) წარმომადგენელს ფილიპ შტაინჰაიმსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელს გერჰარდ შაუმბერგერს შეხვდა და მათთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის ტექნიკურ დახმარებაზე გიდების სერტიფიცირების პროგრამის განსახორციელებლად.

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე ეკონომიკურ ცხოვრებაში. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სექტორმა მალე დააღწიოს თავი კრიზისულ ვითარებას.

„ჩვენ ვეხმარებით კერძო სექტორს, რათა დროულად მოხდეს ადგილობრივი ტურისტული ბაზრის გახსნა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვის,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა სტუმრებს ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც კოვიდ-19 - ის გამოწვევების შესაბამისად მომზადდა და მიზნად ისახავს ტურისტული ინდუსტრიის მზადყოფნას პანდემიის შემდგომ პერიოდში ტურისტების უსაფრთხო მომსახურებისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფის - გიდების მომსახურების ადაპტაციაზე პოსტკოვიდური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი დაეხმარება ქართულ მხარეს, მოამზადოს გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სისტემა. ამ მიზნით, შემუშავდება სამოქმედო გეგმა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით. ითქვა, რომ საქართველოს ავსტრიის მხარესთან უკვე აკავშირებს თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გუდაურში სამთო გამყოლთა სკოლის პროექტის სახით.

ნათია თურნავას განცხადებით, გიდების გადამზადება პოსტკოვიდური გამოწვევების მიხედვით უაღრესად მნიშვნელოვანია. „საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი - ეს არის გზავნილი, რომლითაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე. ამდენად, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის ყველა რგოლი უსაფრთხოების უმკაცრეს მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს შეეხება გიდებსაც, რომელთა სერტიფიცირების სისტემაზეც ვიწყებთ მუშაობას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები გიდების ასოციაციები და ეს ყველაფერი მოხმარდება ხარისხის ამაღლებას და უსაფრთხოების წესების დანერგვას ამ სფეროში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები