ევროკავშირი სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ისთვის საკუთარ ბაზარზე საბაჟო გადასახადს აუქმებს. ეს ნაბიჯი მიზნად ვაჭრობის დივერსიფიკაციას და სომხეთის ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას ისახავს, მზარდი საგარეო ზეწოლის საპასუხოდ - ამის შესახებ ცნობილი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი პრესკონფერენციიდან გახდა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ერთი დღით ადრე ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანსაც ეწვია.
"ბოლო არჩევნებმა სომხური დემოკრატიის სიძლიერე აჩვენა. სომეხმა ხალხმა აირჩია რეფორმები და უფრო მჭიდრო პარტნიორობა ჩვენს კავშირთან. არცერთი ქვეყანა არ უნდა დაექვემდებაროს ზეწოლას საკუთარი სუვერენული არჩევანის გამო. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი დგამს საპასუხო ნაბიჯებს, გამოყოფს 52 მილიონ ევროს და სთავაზობს უბაჟო წვდომას ევროკავშირში სომხური ექსპორტის 80%-ისთვის. სომხეთს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის ზომები მიზნად სომეხი ექსპორტიორების მხარდაჭერას ისახავს, ევროპულ ბაზარზე დივერსიფიკაციის კუთხით, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც რუსეთის ბოლოდროინდელი სავაჭრო შეზღუდვების შედეგად დაზარალდნენ.
ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ, ეს დროებითი ზომები სომხურ საქონელს გაუმჯობესებულ წვდომას მისცემს ევროპულ ბაზარზე. შეთავაზება რუსეთში სომხეთიდან ექსპორტირებული ახალი ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების თითქმის 99%-ს, ხოლო სასმელებისა და სპირტის - 91%-ზე მეტს მოიცავს.
ვაჭრობის სწრაფი დივერსიფიკაციის უზრუნველსაყოფად, ევროკომისია ივლისის შუა რიცხვებამდე სომხეთში გაგზავნის ექსპერტებს, რომლებიც უშუალოდ მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან იმუშავებენ. ეს მისიები საწარმოებს ახალი საბაზრო შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში, ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებაში, საექსპორტო პოტენციალის განმტკიცებასა და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ფართო წვდომის მოპოვებაში დაეხმარება.
ცნობისთვის, გასულ თვეს რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის, კურკოვანი ნაყოფისა და ყურძნის, ასევე, თევზის თესლოვანი კულტურებისა და ჩირის შეტანა აკრძალა. შეზღუდვა გავრცელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ სახელმწიფოებში ამ პროდუქტების ტრანზიტზეც.
ამას წინ უძღოდა 2025 წელს სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროული წევრობა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ერევანი საკუთარ დღის წესრიგს ორივე კავშირს მანამდე შეუსაბამებს, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.




























