მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ახალ სანქციებში საქართველოში მოქმედი კრიპტოპლატფორმებიც მოხვდნენ

geo btc

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანიც კრემლის სამხედრო მანქანის დაფინანსების წყაროებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური შეზღუდვაა.

ეს გახლავთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სანქციების რაუნდი, რომელიც ფინანსურ, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ევროპული შეზღუდვების არეალში საქართველოში მოქმედი კრიპტოპლატფორმებიც მოხვდნენ.

ახალი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვა დააანონსა 14 კრიპტოპლატფორმის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში ოპერირებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სანქცირებული კრიპტოპლატორმების სია ამ ეტაპზე უცნობია, ასევე არ არის დაზუსტებული ის, თუ ზემოხსენებული 14 კომპანიიდან რამდენი ოპერირებს საქართველოში და არიან თუ არა ისინი ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული სუბიექტები.

ევროპული მხარის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს იმ ფინანსური არხების გადაკეტვას, რომელთაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებს. ამასთანავე, ევროკავშირმა პირველად შემოიღო პრეცედენტული სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ითვალისწინებს მესამე ქვეყნების კრიპტოპროვაიდერების სრულ აკრძალვას, თუკი დადგინდება მათი მონაწილეობა სანქცირებულ ოპერაციებში და არალეგალურ აქტივობებში.

ზოგადად, სანქციების 21-ე პაკეტი სულ 218 ახალ ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს. მათ შორის არის 94 ბანკი და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, რომელთაც აქტივები გაეყინათ, ასევე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდები და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 56 სუბიექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები