ევროპის დღესთან დაკაშირებით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, ვიდეო მიმართვა გაავრცელა და საქართველოს მოსახლეობას, ევროპის დღე ქართულ ენაზე მიულოცა.
„ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა! შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია, იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე! გილოცავთ ევროპის დღეს!“, - განაცხადა ელჩმა.
ევროპის დღის აღნიშვნას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამ დღისადმი მიძღვნილ ვიდეოში ელჩები თავიანთ მშობლიურ ენაზე აღწერენ, თუ რა არის მათთვის ევროპა.
გარდა ამისა, დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
თბილისში ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება „მშვიდობის ხიდი“ და სატელევიზიო ანძაც, ასევე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება თბილისში, 6 მაისს უკვე გამართა. სახალხო დღესასწაულს, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა 10 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ, დისკუსიებში მიეღოთ მონაწილეობა და ერთმანეთისთვის ევროპული გამოცდილება და შესაძლებლობები გაეზიარებინათ.
ევროპის დღის შესახებ:
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს. შედეგად, უკვე 73 წელია, რეალობადქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.