მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის გრანტებზე უარი ქვეყნისთვის ზარალია - ეკონომისტი

აკაკი ცომაია

ეკონომისტ აკაკი ცომაიას თქმით, ევროკავშირის გრანტებზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ზარალდება. “ხელისუფლებამ რაც არ უნდა თქვას, რომ ჩვენ ამას ჩვენი ფულით დავაფინანსებთ, ევროკავშირის გრანტები თუ არ გვექნება, ეს შემოსავლის დანაკარგი და ზარალია”, - აღნიშნა მან გადაცემა “ანალიტიკაში”.

მისი თქმით, ის თანხა, რაც დასავლური გრანტების მაგივრად სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს, შეიძლებოდა, რომ სხვა ბევრი მიმართულებით დახარჯულიყო.

“ცხადია, ქვეყანამ იზარალა, და ეს არ არის მხოლოდ ფულში ასახული თანხა, ეს გულისხმობს შესაბამის მხარდაჭერას - ინსტიტუციურს, რაც უკავშირდება გარკვეული სტანდარტებით სკოლების მშენებლობას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას....ეს სტანდარტებია, რომელიც უნდა დაიცვა, და რომლის მონიტორინგიც ხდება. ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები კი რა სტანდარტებს შეიძლება დაეყრდნოს, გასაგებია ალბათ...”, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

ეკონომისტის თქმით, როდესაც ევროპა და ამერიკა ქვეყანას საგრანტო პროგრამებს უჩერებს და უფრო მეტიც, აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ ქმედებებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის “მსოფლიო ბანკის”, სავალუტო ფონდის და EBRD-ის მხრიდანაც.

“როცა ეს ინსტიტუციები აჩერებენ თავიანთ ურთიერთობებს არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, რა ხდება მაშინ საერთაშორისო ბაზარზე?! ამწუთას 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და 2.5-ია ბიუჯეტის დეფიციტი, ამიტომ Fitch-ი და Moody’s-ი არ ჩქარობს, რომ საქართველოს საერთაშორისო რეიტინგი შეცვალოს, მაგრამ ეს გარდაუვალია იმ ფონზე, რომ ლართან დაკავშირებული მერყეობები კიდევ უფრო გაგრძელდება, თუ ეროვნული ბანკი დღეს იკავებს რეზერვების დახარჯვას, ჩვენ არ ვიცით, რა იქნება მომავალში“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, „ოცნების“ მთავრობა აცხადებს, რომ 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები