მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის ქვეყნები 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ

გაზი

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც 2027 წლის შემოდგომიდან რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ამ სახისა და მასშტაბის კონსენსუსი ევროგაერთიანებაში დიდი ხანია არ მიღწეულა.

ცნობისთვის, ინიციატივის ავტორები აკრძალვის თარიღის კიდევ უფრო გადმოწევას უჭერდნენ მხარს, თუმცა ევროპარლამენტში საკითხზე შეთანხმება მხოლოდ იმ პირობით შედგა, რომ რუსული გაზის იმპორტი 2027 წლის 30 სექტემბრიდან 1 ნოემბრის შუალედში შეწყდება. საკითხის საბოლოო დამტკიცებას ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის სამთავრობო უწყებებისა და ევროპარლამენტის საბოლოო მხარდაჭერა, თუმცა პროცესი საბოლოო ეტაპამდეა მიყვანილი და გადაწყვეტილების გაუქმება თითქმის გამორიცხულია.

ევროპულ ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, 2027 წლის პირველი იანვრიდან რუსეთთან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე გრძელვადიანი თანამშრომლობების გაფორმებაც აიკრძალება. ამავე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში კი ქვეყნებმა ყველა მოკლევადიანი შეთანხმება უნდა ჩახურონ. ცნობისთვის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსულ გაზს დღემდე იყენებენ, არიან უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია.

როგორც ევროსტრუქტურებში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზანია, რუსეთმა ვეღარ შეძლოს ენერგეტიკული რესურსების, როგორც პოლიტიკური იარაღის გამოყენება. ამასთან, მაქსიმალურად შემცირდეს დამოკიდებულება რუსეთზე და ევროპულმა ქვეყნებმა გააღრმაონ დივერსიფიკაციის პროცესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები