ევროკავშირის წევრი ქვეყანა თუ გავხდით, ბინები გაძვირდება, - ამის შესახებ Mode Real Estate -ის დამფუძნებელმა, ნატალია მოდებაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უძრავი ქონების ღირებულებაზე რამდენიმე ფაქტორია დამოკიდებულია.
"დეველოპერები ბინებზე ფასების შემცირებას არ პროგნოზირებენ, თუმცა გაყიდვები შემცირებულია. ბევრს ვმსჯელობთ, გვაინტერესებს, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდით [ფასებზე]. ჩინეთის ფაქტორზეც არის დამოკიდებული, აბრეშუმის გზაზეც... ევროკავშირში შევალთ თუ არა, ამაზეცაა დამოკიდებული, თუ შევალთ ფასები გაიზრდება. ბალტიისპირელი კოლეგები გვეუბნებიან, როგორც კი ევროკავშირის წევრები გავხდით, ფასები გაიზარდაო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი შემოსავლებიც გაიზრდება”, - განაცხადა ნატალია ბახტაძემ.
კითხვაზე, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემთხვევაშიც, შესაძლოა, თუ არა უძრავი ქონება გაძვირდეს, ნატალია ბახტაძემ აღნიშნა, რომ ზრდა გამორიცხული არ არის.
ამასთან, Mode Real Estate-ის დამფუძნებლის თქმით, უძრავ ქონებაზე მიგრანტების მოთხოვნა შემცირებულია, რამაც გასაყიდი და გასაქირავებელი ბინების ფასები დაასტაბილურა.
“მესამე კვარტალის ბოლოსკენ შეიმჩნევა, რომ ფასები დასტაბილურდა. ზრდა აღარ შეიმჩნევა, მეორად ბინებზე ცოტათი კლებაც შეინიშნება. გაყიდვების რაოდენობამ იკლო, 25%-ით არის შემცირებული. შეიძლება ის 25%-იც იმიტომ არის, რომ დაბალანსდა დეველოპერების და მეორადი ბინების გაყიდვები, სინამდვილეში მეორადი ბინების გაყიდვები მეტადაა შემცირებული. მიგრაციული ფასები გაქირავებაზეც შემცირდა, გასაქირავებელი ფასი დაახლოებით 30%-ით შემცირდა. ადამიანები, რომლებიც ქირაობდნენ, რუსები, ბელორუსები, უკრაინელები, ნაწილი უკან დაბრუნდა, ნაწილი ევროპაში წავიდა, ნაწილმა ქონება უკვე იყიდა”, - აღნიშნა ნატალია ბახტაძემ.