2026 წლის პირველ შვიდ თვეში თბილისში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ($1.92 მლრდ) - საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის 2026 წლის ივლისის მიმოხილვა გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, მხოლოდ ივლისში 4,475 ბინა გაიყიდა. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით გააქტიურებულია დეველოპერებისგან ბინების პირდაპირი შესყიდვა - 7 თვეში დეველოპერებმა 6,930 ბინა გაყიდეს, რაც წლიურად 30%-იანი ზრდაა.
მყიდველთა გეოგრაფია: იზრდება ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების წილი
Galt & Taggart-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ადგილობრივი მყიდველების წილი ბაზარზე მცირდება, ხოლო უცხოელების ინტერესი იზრდება. 2026 წლის 7 თვის მონაცემებით:
- საქართველოს მოქალაქეები: ბაზრის 74%-ს იკავებენ (შედარებისთვის, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 85% იყო).
- ისრაელი: მყიდველთა 11% ისრაელის მოქალაქეა, რაც სტაბილურად მაღალი მაჩვენებელია.
- რუსეთი: წილი 4%-მდე გაიზარდა (2025 წელს 3% იყო).
- სხვა ქვეყნები: მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა უცხოელების წილი და 11% შეადგინა.
მიწოდება: სად გაიცა ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა?
2026 წლის 7 თვეში თბილისში სულ 1 მილიონი კვ.მ. საცხოვრებელი ფართობის მშენებლობის ნებართვა გაიცა.
განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა ივნისი და ივლისი. უბნების მიხედვით, მშენებლობების "ცხელი წერტილები" შემდეგნაირად განაწილდა:
- დიდი დიღომი: 186 ათასი კვ.მ.
- ნაძალადევი: 175 ათასი კვ.მ.
- საბურთალო: 139 ათასი კვ.მ.
ფასები და სეგმენტები: "ბიუჯეტური" ბინები ქრება
ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი კვლავ საშუალო ზომის (51-80 კვ.მ) ბინებია, რომლებზეც გაყიდვების 53.8% მოდის. პატარა ზომის (35-50 კვ.მ) ბინების წილი კი მცირედით შემცირდა და 24.6% შეადგინა.
რაც შეეხება საფასო სეგმენტებს, "ბიუჯეტური" ბინების ხელმისაწვდომობა მკვეთრად იკლებს:
- ბიუჯეტური სეგმენტი (<$1,100/კვ.მ): მათი წილი ბაზარზე 68.8%-დან (2024 წ.) 49.5%-მდე შემცირდა.
- საშუალო სეგმენტი ($1,101 - $2,000): ამ კატეგორიის წილი თითქმის გაორმაგდა და 42.9% შეადგინა.
- პრემიუმ სეგმენტი (>$3,000): ბაზრის მცირე, თუმცა მზარდ 1.6%-ს იკავებს.




























