მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა და ავსტრალიამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს

ავსტრალია და ევროკავშირი

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში გამართულ ლიდერთა შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს. ამასთან, მხარეებმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის დოკუმენტს, რაც გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში ორ რეგიონს შორის სტრატეგიული კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება არა მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას, არამედ ითვალისწინებს ავსტრალიის ჩართვას Horizon Europe-ში, რომელიც კვლევებისა და ინოვაციების მსოფლიოში უმსხვილესი დაფინანსების პროგრამაა. ევროკავშირის ლიდერების განმარტებით, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, მხარეებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით საერთო ხედვა აქვთ.

რაც შეეხება სავაჭრო შეთანხმების დეტალებს, ევროკავშირი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ავსტრალიაში ექსპორტის 33%-ით გაზრდის, რაც წლიურად დაახლოებით €17.7 მილიარდ ევროს ($19.2 მლრდ.) გულისხმობს. შეთანხმება ითვალისწინებს ევროპულ საქონელზე ტარიფების 99%-ზე მეტის გაუქმებას, რაც კომპანიებს წლიურად €1 მილიარდ ევროს ($1.1 მლრდ.) დაუზოგავს. განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელია რძის პროდუქტების, ავტომობილებისა და ქიმიური მრეწველობის სექტორებში. ამასთან, ევროკავშირი პრიორიტეტულ წვდომას მოიპოვებს კრიტიკულ ნედლეულზე, როგორიცაა ლითიუმი, მანგანუმი და ალუმინი, რაც ევროპული მრეწველობისთვის ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

რაც შეეხება უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას, ის შექმნის მყარ ინსტიტუციურ ჩარჩოს კიბერუსაფრთხოების, საზღვაო უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად. დოკუმენტი, რომელსაც ხელი კაია კალასმა და ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლზმა მოაწერეს, ითვალისწინებს კოორდინაციას ხელოვნური ინტელექტის, კოსმოსური უსაფრთხოებისა და შეიარაღების გაუვრცელებლობის საკითხებში. პარალელურად, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ წვრთნებსა და კრიზისების მართვის ოპერაციებში თანამშრომლობაზე, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე. პარტნიორობა მიზნად საინფორმაციო მანიპულაციებისა და უცხოური ჩარევების პრევენციასაც ისახავს, რაც ორივე მხარისთვის საერთო გამოწვევად მიიჩნევა.

სოფლის მეურნეობის სექტორში შეთანხმება უზრუნველყოფს ევროპული წარმოების მაღალი სტანდარტების გაზიარებას და 165-ზე მეტი პროდუქტის სამარკო ნიშნის დაცვას ავსტრალიის ბაზარზე, მათ შორის ისეთი ცნობილი პროდუქტების, როგორიცაა ირლანდიური ვისკი და ფრანგული ყველი. აღსანიშნავია, რომ ევროპელი ფერმერებისთვის განსაკუთრებულად მტკივენული სექტორებისთვის, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცის, შაქრისა და ბრინჯის წარმოება, დაწესდება სპეციალური კვოტები. ამას გარდა, ამოქმედდება ორმხრივი დამცავი მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, მიიღოს საპასუხო ზომები იმ შემთხვევაში, თუ ავსტრალიიდან იმპორტის მკვეთრი ზრდა ადგილობრივ ბაზარს დააზიანებს. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება ევროპული აგროსასურსათო პროდუქციისთვის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და სტაბილურ საექსპორტო პლატფორმას შექმნის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სრულად აერთიანებს მდგრადი განვითარების მაღალ სტანდარტებს, მათ შორის პარიზის კლიმატის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებსა და შრომით უფლებებს. არსებული ინფორმაციით, FTA-ს ტექსტი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც მას ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი დაამტკიცებენ. ცნობისთვის, მოლაპარაკებები 2018 წლიდან მიმდინარეობდა და მისი დასრულება ევროკავშირის სავაჭრო ქსელის დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილია. ბრიუსელში მოელიან, რომ გაფორმებული პაკეტი მათ გლობალურ არენაზე ევროპის პოზიციებს გააძლიერებს და შექმნის საიმედო პარტნიორობის მოდელს გრძელვადიანი ეკონომიკური და თავდაცვითი სტაბილურობისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები