მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოაცხადა

ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსი

ევროკავშირმა ირანის ელიტური სამხედრო დანაყოფი, ისლამური რევოლიციურ გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამავე სასანქციო სიაში მოხვდა 6 კომპანია და 15 კერძო პირი, მათ შორის, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ესკანდარ მომენი და ქვეყნის გენერალური პროკურორი, მუჰამედ მოვაჰედი აზადი. დასანქცირებულ პირებს სრულად შეეზღუდათ ევროკავშირში გადაადგილება. ამასთან, მათ სახელთან დაკავშირებული ყველა აქტივი გაიყინა.

ოფიციალური ბრიუსელის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმ ძალოვანი სტრუქტურის მოშლას ისახავს მიზნად, რომელიც იანვრის თვეში ანტისამთავრობო გამოსვლების სისხლიან ჩახშობაში აქტიურად მონაწილეობდა. ევროკავშირის წარმომადგენლების შეფასებით, ძალის გამოყენება და საკუთარი მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების ასეთი ფორმით ჩახშობა მათ ლეგიტიმურობას სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ. თუმცა ამ მოცემულობის მიუხედავად, ოფიციალური ბრიუსელი ირანთან დიპლომატიური არხების შენარჩუნებას მაინც გეგმავს.

რაც შეეხება თავად ირანის ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს, ის ქვეყნის ყველაზე ელიტური სამხედრო დანაყოფია, რომელშიც 190,000-მდე ჯარისკაცი ირიცხება. ის არის პირველი პასუხისმგებელი ირანის საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო ოპერაციებზე და ქვეყნის დაცვაზე. ეს დანაყოფი მუშაობს სტრატეგიული შეიარაღების პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ ის ტერორისტულ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 2019 წელს, ტრამპის წინა საპრეზიდენტო ვადისას გამოაცხადა, თუმცა შტატების ლიდერმა მაშინ ევროპელი კოლეგები ვერ დაითანხმა. იმის მიუხედავად, რომ ქვეყნების უმრავლესობა ინიციატივას მხარს უჭერდა, ოფიციალური პარიზი მიიჩნევდა, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებებს ჩაშლიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები