მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2027 წლის აპრილამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირი და ირანი

ევროკავშირმა ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე რეაგირების მიზნით დაწესებული სანქციები 2027 წლის 13 აპრილამდე გააგრძელა.

აღნიშნული ზომები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას, ასევე იმ აღჭურვილობის ექსპორტის შეზღუდვას, რომელიც, შესაძლოა, შიდა რეპრესიებისა და სატელეკომუნიკაციო მონიტორინგისთვის იქნეს გამოყენებული. ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს სანქცირებულთა სიაში შეყვანილი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის ნებისმიერი სახის ფინანსური რესურსის გადაცემა ეკრძალებათ.

სანქციების გადახედვის პროცესში საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სიიდან ერთი გარდაცვლილი პირი ამოეღო, რის შემდეგაც სიაში ჯამში 262 ინდივიდი და 53 ორგანიზაცია დარჩა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზეწოლის გზით ოფიციალური ბრიუსელი მიზნად იმ პირების დასჯას ისახავს, ვინც უდანაშაულო მოქალაქეებს აკავებს და კლავს. განცხადების გავრცელებიდან მალევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა ირანის ხელისუფლებას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და ინტერნეტზე წვდომის სრული აღდგენისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების რეჟიმი პირველად 2011 წელს აამოქმედა და მას შემდეგ შეზღუდვებს ყოველწლიურად აახლებს. 2022 წლიდან მოყოლებული, მზარდი შეშფოთების ფონზე, გაერთიანებამ მკაცრი ზომების პაკეტები მკვეთრად გააფართოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები