ევროპულმა საბჭომ რუსი მილიარდერის, დმიტრი მაზეპინის შვილს და F1-ის სარბოლო გუნდის, Haas-ის ყოფილ პილოტს, ნიკიტა მაზეპინს სანქციები მოუხსნა. თავად ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, ფორმალურია, რადგან სანქციების ნაწილი ავტომრბოლელს მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში მოუხსნა.
როგორც იმ დროს მოსამართლე ამბობდა, ნიკიტა მაზეპინს ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინაში მიმდინარე ომთან, რადგან ის არ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
Formula 1-ში ნიკიტა მაზეპინის სპორტული კარიერა, სულ მცირე დროებით, მას შემდეგ დასრულდა, რაც Haas-მა ის გუნდიდან დაითხოვა და მამამისთან, დმიტრი მაზეპინთან და მის კომპანიასთან სასპონსორო გარიგება შეწყვიტა. მოგვიანებით, ორივე მაზეპინს ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციებში დაუწესა. 2023 წლის მარტში, ევროკავშირის საბჭომ უმცროსი მაზეპინისთვის დაწესებული სანქციები 2023 წლის სექტემბრამდე გააგრძელა, მაგრამ მოგვიანებით მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ მას F1-სა და სხვა ტურნირებში გამოსვლის საშუალება მისცა.
ნიკიტა მაზეპინმა Formula 1-ში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და ამ დროს, ქულა არასდროს მიუღია. ნიკიტა მაზეპინი რიგით მეოთხე რუსი სპორტსმენია, რომელიც Formula 1-ში გამოდიოდა. გასული სეზონი ახალგაზრდა მრბოლელმა Asian Le Mans Series-ის გუნდში, 99 Racing-ში, ნეიტრალური დროშის ქვეშ გაატარა.
ნიკიტა მაზეპინთან ერთად, ევროპულმა საბჭომ სანქციები კერძო სამხედრო დაჯგუფების, “ვაგნერის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის დედას, ვიოლეტა პრიგოჟინასაც მოუხსნეს. ეს შემთხვევები მსგავსია და ორივე მათგანი რუს მილიარდერებთან არსებულ კავშირს ეფუძნება. თუმცა თუ ნიკიტა მაზეპინი მილიარდერის შვილია, ვიოლეტა პრიგოჟინა მისი შვილის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი იყო, მაგრამ მოახერხა დაემტკიცებინა, რომ ეს მხოლოდ ფორმალობა იყო.