ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა გააუქმა. გადაწყვეტილება დღეს, 27 იანვარს, ბრიუსელში ევროკავშირის საბჭომ მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბჭომ გადაწყვიტა ნაწილობრივ შეაჩეროს საქართველოსთან დადებული სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება.
ეს შეთანხმება ჩერდება შემდეგი კატეგორიებისთვის:
- საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ;
- საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს;
- დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს;
ევროკავშირის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივი პასპორტით შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. ამას გარდა, ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლისთანავე და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან სავიზო მოთხოვნისაგან - წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ მიიღონ ეროვნული ზომები დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნის გამოსაყენებლად.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სერგი კაპანაძის თქმით, ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებს შეეძლებათ სხვა მოქალაქეების მსგავსად, შენგენის ზონაში ბიომეტრიული პასპორტით შევიდნენ.
ევროკავშირის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ე.წ გამჭვირვალობის კანონი გახდა. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონი ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას და სხვა ძირითად უფლებებს. ეს ზომა ასევე პასუხია მთავრობის რეპრესიულ ქმედებებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე არ გახსნის.
ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტა. საქართველოში დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს ფლობენ უმაღლესი თანამდებობის პირები; პარლამენტის წევრები; გენერალური პროკურორი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა თანამდებობის პირები.




























