2010-2011 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის და 2011-2014 წლებში ისრაელში საქართველოს ელჩის არჩილ კეკელიას აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლებელია, ევროპას უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე - პირიქით, ამიტომ ევროკავშირმა, როგორც ძლიერმა პარტნიორმა საქართველოს ახლა უნდა გაუწოდოს ხელი.
ამის შესახებ არჩილ კეკელიამ, რომელიც განათლების საკონსულტაციო კომპანია Cornerstone Education-ის დამფუძნებელია, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც EU-ის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების და საბოლოოდ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საჭიროებას შეეხებოდა.
„1-2 თვის წინ ალბათ ამ კითხვაზე სხვაგვარად გიპასუხებდით, მაგრამ ევროკავშირი უნდა დაგვეხმაროს მაშინ, როცა ჩვენ გვჭირდება; როდესაც ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, სადაც იქნება მატერიალური დოვლათი და ა.შ. მაშინ შეიძლება, ჩვენ არ დაგვჭირდეს ევროკავშირი. EU-ის დახმარება ჩვენ გვჭირდება ახლა, ამიტომ როგორც ძლიერმა პარტნიორმა, უნდა გამოგვიწოდოს ხელი და ჩაგვიკრას გულში. მე ამ საკითხის ექსპერტი არ ვარ და სპეკულირებას ვერ დავიწყებ, მაგრამ შესაძლებელია, ევროპას ახლა უფრო მეტად ვჭირდებით ჩვენ, ვიდრე ისინი - ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა არჩილ კეკელიამ.
რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? – „უთანასწორობას. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში ამდენი ღარიბი ადამიანი იყოს - მე სტატისტიკურ ტერმინს არ ვგულისხმობ. ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში, ყველა ადამიანი უნდა ხედავდეს, რომ აქვს პერსპექტივა“.