ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის უმსხვილესი მილსადენიდან, „იამალიდან“ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზარდეს.
ორშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, იანვარ-ივნისის პერიოდში ევროპულ პორტებში რუსული საწარმოდან 9.97 მილიონი ტონა LNG შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოცულობის 16%-იან ზრდას ნიშნავს. შესყიდვების ჯამური ღირებულება 5.96 მილიარდ ევროს შეადგენს, ძირითად დანიშნულების ადგილებად კი საფრანგეთი, ბელგია და ესპანეთი დასახელდა.
ექსპერტების განმარტებით, აღნიშნული ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის არის კომპანიების მცდელობა, რუსეთის წინააღმდეგ სრულად ამკრძალავი შეზღუდვების დაწესებამდე მარაგები მაქსიმალურად შეავსონ. ამასთან, ევროკავშირის მიერ რუსული თხევადი აირის ტრანსპორტირებაზე დაწესებული აკრძალვის გამო, პროდუქციის დიდი ნაწილი მესამე ქვეყნებში გადაგზავნის ნაცვლად, პირდაპირ ევროპულ ბაზარზე რჩება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა მიმდინარე წლის აპრილიდან რუსული LNG-ის მოკლევადიანი კონტრაქტებით იმპორტი უკვე აკრძალა, ხოლო გრძელვადიანი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მიწოდება 2027 წლის 1 იანვრიდან სრულად შეწყდება. პარალელურად, რუსული მილსადენის გაზის იმპორტის დასრულების საბოლოო ვადად 2027 წლის სექტემბერი განისაზღვრა.




























