ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებაზე შეთანხმდა და შავ სიაში 1,600-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა.
შეზღუდვების 22-ე პაკეტი სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებულ 743 ფიზიკურ პირსა და 826 ორგანიზაციას შეეხება. Reuters-ის ცნობით, დასანქცირებული კომპანიების ნახევარზე მეტი უშუალოდ სარაკეტო წარმოებაზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ახალი შეზღუდვები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ 77 პოლიტიკურ ფიგურასა და საარჩევნო კომისიის წევრსაც შეეხება.
განსაზღვრული ზომები აქტივების გაყინვას, გადაადგილების აკრძალვასა და ევროპული დაფინანსების მიღების შეზღუდვას მოიცავს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გაფართოებულ სიას ლუქსემბურგში ორშაბათს ოფიციალურად დაამტკიცებენ.
ამ ნაბიჯის შედეგად, ომის დაწყების შემდეგ დასანქცირებული სუბიექტების საერთო რაოდენობა თითქმის 4,650-ს გაუტოლდება.
ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციების წინა, 21-ე პაკეტი ივლისში დაამტკიცა. ახალ პროექტს კი წინ უძღოდა საზოგადოებრივი უკმაყოფილება, რომელიც სიიდან რუსი ოლიგარქების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღებამ გამოიწვია.
























