გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შროდერმა განაცხადა, რომ უკრაინის ომით დაზარალებულთა შორის ევროპა მთავარ წაგებულ მხარედ იქცა და დანაკარგების მასშტაბით მხოლოდ კიევს ჩამორჩება.
შვეიცარიული გამოცემა Weltwoche-ს წამყვანთან, როჯერ კოპელთან საუბრისას პოლიტიკოსმა ევროპაში კეთილდღეობის გაქრობა რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შეწყვეტას დაუკავშირა. შროდერმა აღნიშნა, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტხნიანი პარტნიორობის დასრულებას როგორც გერმანიის, ისე მთელი ევროპის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა.
მან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებებისა და კომპრომისების გზით არის შესაძლებელი.
ამასთან, გერმანიის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ოფიციალურ ბერლინს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისივე შეფასებით, გერმანიამ ჩინეთთან პოლიტიკური დაპირისპირების გაღრმავებაც თავიდან უნდა აიცილოს.
საგარეო პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრისას შროდერმა ყურადღება აშშ-ის პოლიტიკურ სპექტრზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკურ პარტიას მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მისაღწევად ნაბიჯების გადადგმა ტრადიციულად უფრო გაუადვილდება, რადგან დემოკრატიული პარტია რუსეთისა და ჩინეთის მიმართ იდეოლოგიურად ბევრად უფრო ხისტ წინააღმდეგობას იჩენს.
შეგახსენებთ, რომ გერჰარდ შროდერი გერმანიის კანცლერის პოსტს 1998-2005 წლებში იკავებდა. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მან რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში, მათ შორის Nord Stream-ის პროექტსა და Rosneft-ში მაღალი თანამდებობები დაიკავა, რის გამოც პოლიტიკოსს სამშობლოში წლების განმავლობაში აკრიტიკებენ.
























