ევროკავშირში ყველაზე მაღალი წლიური საშუალო ხელფასი ლუქსემბურგშია, ხოლო ყველაზე დაბალი - ბულგარეთში.
ევროსტატის ინფორმაციით, საშუალო წლიური ხელფასი სრულ განაკვეთზე დასაქმებული ადამიანებისთვის შარშან 6.5%-ით 37 900 ევრომდე გაიზარდა. ყველაზე მაღალი ხელფასი ლუქსემბურგშია 81 100 ევრო; შემდეგ მოდის დანია 67 600 ევროთი; ხოლო მესამე ადგილზეა ირლანდია 58 700 ევრო. ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი ბულგარეთსა და უნგრეთში [13 500 და 16 900 ევრო] იყო. მათ მცირედით უსწრებს საბერძნეთი 17 000 ევროთი.
საქართველოს სტატისტიკის სამსახური საშუალო ნომინალურ ხელფასს თვიურ ჭრილში თვლის. 2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.5%-ით (223.8 ლარით) 1 766.8 ლარამდე გაიზარდა. 2023 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა.