მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში Starlink-ის $11-მილიარდიანი კონკურენტი შეიქმნა

SpaceRISE

ევროკავშირი დედამიწის ორბიტის ათვისებისთვის ემზადება. ადგილი სადაც, ამ დრომდე, ჭეშმარიტ გიგანტად ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის ერთ-ერთი პროექტი, Starlink-ი ითვლებოდა, ამიერიდან, კოსმოსური თანამგზავრებით კიდევ უფრო დაიტვირთება. პროექტს, სახელწოდებით SpaceRISE მსხვილი ევროპული კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი 2030 წლისთვის გაუშვებს, როცა დედამიწის სხვადასხვა დონის ორბიტაზე 300-მდე სატელიტი მოხვდება.

ახლად შექმნილი კორპორაცია, რომლის შემადგენლობაში ევროპის კოსმოსური სააგენტო, Eutelsat-ი, Hispasat-ი, Airbus-ი და Deutsche Telekom-ი არიან, $11 მილიარდადაა შეფასებული და მისი მიზანი — ევროკავშირის მთელი ტერიტორიის სწრაფი ინტერნეტით დაფარვაა. IRIS-ის სახელით ცნობილი თანავარსკვლავედის ორბიტაზე გასაშვებად კონსორციუმს თორმეტი წელი ექნება, რა დროსაც, ამ მიმართულებით, რამდენიმე მილიარდი ევროს მობილიზება დასჭირდება. IRIS-ის სატელიტების უდიდესი ნაწილი დედამიწის დაბალ ორბიტაზე განთავსდება.

თუკი დავუშვებთ, რომ 2030 წლისთვის SpaceRISE-ი დედამიწის ორბიტაზე 300-მდე კოსმოსურ თანამგზავრს მართლაც განათავსებს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კომპანიასთან კონკურენციაში შესვლა ევროპულ კონსორციუმს მაინც გაუჭირდება. SpaceX-ი ამ მიმართულებით 2018 წლიდან ოპერირებს და დღემდე, ორბიტაზე 7,000-მდე სატელიტი აქვს განთავსებული. თანაც, Starlink-ის თანამგზავრებს დედამიწის დაბალ ორბიტაზე ვხვდებით, რაც არსებულ ადგილებს შორის საუკეთესოა, რადგან ის პლანეტის ზედაპირთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. დღეს, Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს ოთხი მილიონი ადამიანი იყენებს, მათ შორის საქართველოში.

ილონ მასკის SpaceX-თან კონკურენციის თაობაზე საინტერესო ამბავი შარშან ბელარუსიდანაც გაისმა. როგორც ჩანს, ბელარუსში ილონ მასკი და მისი Starlink-ი აღარ სჭირდებათ. სულ მცირე, ასე ამბობდა იმ დროს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელმაც ბელარუსის ჯარის მიერ შექმნილი ახალი სისტემა გამოცადა, რომელიც სწორედ Starlink-ის ანალოგად იყო მიჩნეული.

მედიაში ალექსანდრ ლუკაშენკოს და ამ ტექნოლოგიის შემქმნელის საუბრის ჩანაწერიც გავრცელდა, რომელშიც Starlink-ის ანალოგის შემქმნელი იუწყებოდა, რომ სატელიტური ინტერნეტის ტექნოლოგია მან გაცილებით იაფად შექმნა, ვიდრე თავად ილონ მასკმა. სამხედრო მაღალჩინოსანი ახალი სისტემის მუშაობის პარამეტრებსაც ხსნიდა და ამბობდა, რომ მას შეუძლია, ინტერნეტს დისტანციურად დაუკავშირდეს.

“მარტივად რომ გითხრათ, სადღაც მინსკში ინტერნეტის წყარო მდებარეობს, რომელიც კოსმოსურ თანამგზავრს უკავშირდება და ამ სისტემაზე დამაგრებულ Wi-Fi-როუტერს უკავშირდება”, - განაცხადა მაღალჩინოსანმა შარშან, პროდუქტის წარდგენისას. მას შემდეგ, Starlink-ის კონკურენტად მიჩნეული ბელარუსული სისტემა არ ამოქმედებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები