მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს Starlink-ის სერვისი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის?

space x

ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის სერვისი Starlink-ი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. თავისი არსით, Starlink-ი მომხმარებელს ინტერნეტის ისეთ სერვისს სთავაზობს, რომელიც ფაქტობრივად ყველგან არის ხელმისაწვდომი, რადგან ხელოვნურ თანამგზავრთან დაკავშირებით სპეციალური მობილური ანტენაა საჭირო. შესაბამისად, Starlink-ის მეშვეობით ინტერნეტის მიღება ისეთ რეგიონებშიც შეიძლება, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი მოწყობილი არ არის.

ილონ მასკის კომპანიის სერვისის ღირებულება ორ ნაწილადაა გაყოფილი, რადგან ინდივიდუალურ, ანუ საცალო მომხმარებლებს ერთი ტარიფი აქვთ, კორპორაციულ მომხმარებლებს კი - მეორე. ამასთან, Starlink-ის ყოველთვიური გადასახადი ორი ნაწილისგან შედგება და ამ სერვისის მისაღებად, მომხმარებელს გარკვეული ინვესტიციის განხორციელება დასჭირდება.

ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, Starlink-ის ყოველთვიური გადასახადი 160 ლარს შეადგენს, ხოლო სერვისის აპარატურის მისაღებად გადასახდელი თანხა 1780 ლარია, მაგრამ ეს თანხა ერთჯერადია. ამასთან, 235 ლარი არის გადასახდელი აპარატურის თბილისში მისაღებად. გამოდის, რომ ჯამურად, პირველ თვეს, Starlink-ის მომსახურება ადამიანს 2175 ლარი დაუჯდება, ხოლო ერთწლიანი მომსახურების შემთხვევაში, თანხა 3775 ლარს შეადგენს, რადგან პირველი ოცდაათი დღის განმავლობაში, სერვისი უფასოა.

კორპორაციული მომხმარებლების შემთხვევაში, ფასი განსხვავებულია. კორპორაციულ კლიენტებს Starlink-ი გამოსაყენებელი ინტერნეტის მოცულობით სამ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს, ესენია 1-ტერაბაიტიანი, 2-ტერაბაიტიანი და 6-ტერაბაიტიანი პაკეტი. ინტერნეტის აღნიშნული მოცულობა, ე.წ. “პრემიული”, ანუ შედარებით სწრაფი ინტერნეტია, რომლის ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელი ჩვეულებრივი სიჩქარის ინტერნეტს მიიღებს. სამივე პაკეტის შემთხვევაში, Starlink-ის ინფრასტრუქტურის ღირებულება 8321 ლარი და 36 თეთრია, ხოლო მიწოდების ღირებულება 500 ლარს შეადგენს. ყოველთვიური ფასები კი, პაკეტების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება:

1 TB - 708 ლარი (მცირე და საშუალო ბიზნესი, 5-10 მომხმარებელი)
2 TB - 1404 ლარი (საშუალო ბიზნესი, 10-20 მომხმარებელი)
6 TB - 4189 ლარი (დიდი ბიზნესი, 20+ მომხმარებელი)

Starlink-ის ინფრასტრუქტურის მიღებას მომხმარებელი 1-2 კვირაში შეძლებს, ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ ინტერნეტის სიჩქარე - ის ცვალებადია და დამოკიდებულია, როგორც ამინდზე, ასევე ხელოვნური თანამგზავრების ადგილმდებარეობაზე. გადმოწერის შემთხვევაში, Starlink-ის ინტერნეტი 40-220+ მეგაბიტი/წმ-ის შუალედში მერყეობს, ატვირთვის შემთხვევაში კი, შუალედი 8-25+ მეგაბიტი/წმ-ია. დაყოვნება კი, 20-იდან 60 მილიწამამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის კოსმოსური კომპანია საქართველოში ოპერირების დასაწყებად რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა, რისთვისაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან შესაბამისი ნებართვა 2022 წლის ივლისში მიიღო. მანამდე კი, Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში შვილობილი „სტარლინკ ჯორჯია“ დააფუძნა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი ხელოვნური თანამგზავრები SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ჯერ კიდევ 2019 წელს განათავსა, ხოლო დღეს, ჩვენი პლანეტის გარშემო ამ ტიპის ხუთი ათასზე მეტი სატელიტი არის ხელმისაწვდომი და მათი რიცხვი პერიოდულად იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები