"სტარლინკის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია", - ამის შესახებ ილონ მასკმა თავის ოფიციალურ X-ის, იგივე Twitter-ის გვერდზე დაწერა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის კუთვნილი Starlink საქართველოში საქმიანობისთვის ემზადებოდა რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია SpaceX-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში გაიარა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ავტორიზაციის განაცხადი კომპანიამ 2022 წლის 8 ივლისს შეავსო.
29 ივნისს Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში შვილობილი „სტარლინკ ჯორჯია“ დააფუძნა და ავტორიზაციის მიზნით 8 ივლისს კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა, რის შემდეგაც კომისიამ 14 ივლისს Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ Starlink-ი მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი ძვირად ღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია, უზრუნველყოფს. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.
საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია.
ინფორმაციისთვის გეტყვით იმასაც, რომ Starlink ინტერნეტის მისაღებად არ არის საჭირო არანაირი მსხვილი ინფრასტრუქტურა. საჭიროა მხოლოდ დენის წყარო და მიმღები მოწყობილობა. შედეგად, დედამიწის ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი ინტერნეტით სარგებლობა.