მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირთან დაახლოების პროცესი სურდო არ არის, გადაგედოს - ლადო კახაძე

ლადო კახაძე

"ევროკავშირთან დაახლოების პროცესი როგორ არის იცი? სურდო არ არის, რომ გადაგედოს, უნდა ისწავლო, შენ თავზე გამოცადო, ჰკითხო", - ამის შესახებ დეპუტატმა ლადო კახაძემ BMG-სთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შრომის უფლებების EU-ს სტანდარტებთან მოსარგებად, საქართველომ სხვა ქვეყნების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს.

"[გაწევრიანების შემდეგ] არა მხოლოდ ჩვენები წავლენ სხვაგან სამუშაოდ, სხვებიც ჩამოვლენ ჩვენთან სამუშაოდ. შესაბამისად უნდა დავხვდეთ. ისინი იქ შრომით ურთიერთობას რომ მიჩვეულები არიან, აქ იგივე უნდა დავახვედროთ", - განაცხადა ლადო კახაძემ და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება უნდა დამკვიდრდეს.

საქართველოში შრომის კოდექსი 2020 წელს შეიცვალა. ლადო კახაძის თქმით, ქართული შრომის კოდექსი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. დეპუტატის განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ ბევრი რამ სწორად გაკეთდა, დარჩენილი აცდენების აღმოსაფხვრელად მუშაობა გრძელდება.

"ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ, რომელსაც კარგი შრომის კოდექსი აქვს. ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ. სადაც გასასწორებელი, წასაქლიბი, დასარეგულირებელი იყო, კეთდება. ეს მუდმივად გაგრძელდება", - აღნიშნა დეპუტატმა.

როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა, როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ. პაველ ჰერჩინსკის თქმით, გაწევრიანების შემდეგ, ისინი ისარგებლებენ ევროკავშირში არსებული სოციალური დაცვით და სავალდებულო დაზღვევით, ოფიციალური დასაქმებით, ხელფასებით და პენსიებით. ამასთან, მისი თქმით, გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენების გამოსწორება მოუწევს.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები