საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელის, ალეხანდრო ჰაიდენბერგის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა შესაძლოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დინამიკაზე ნეგატიურად აისახოს.
მისი შეფასებით, აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება ინვესტორთა ნდობა შეასუსტოს და საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს - ამის შესახებ საუბარია ფონდის მისიის შემაჯამებელ განცხადებაში. IMF-ის დელეგაცია მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან შეხვედრებს 10-16 დეკემბრის შუალედში მართავდა.
ამასთან, IMF-ის მისიის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს Eagle Hills-ის პროექტს და აღნიშნავს, რომ თუკი 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მართლაც განხორციელდება, ეს ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითად აისახება.
"საქართველოს ევროკავშირთან დაძაბულმა ურთიერთობამ შესაძლოა ინვესტორის განწყობა დაამძიმოს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეამციროს. არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორის მიერ განცხადებული 6.5 მილიარდი აშშ დოლარიანი უძრავი ქონების პროექტი, გეგმის მიხედვით განხორციელების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის წამახალისებელ და სამუშაო ადგილების შექმნის დადებით შესაძლებლობას ქმნის", - ნათქვამია პრესრელიზში.



























