საქართველოში შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული დაპროექტება ევროპული სტანდარტის მიხედვით განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე საქართველოში მშენებლობაში ერთიანი სტანდარტი არ მოქმედებს და შენობა-ნაგებობების უმრავლესობა ჯერ კიდევ საბჭოური სტანდარტებით შენდება, მთავრობას ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ სამშენებლო ნორმები ევროპულ სტანდარტზე [ევროკოდებზე] უნდა გადავიდეს.
ევროკოდები ეს არის ევროპული სტანდარტები (ჰარმონიზებული ტექნიკური წესები), რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.
ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაციის დირექტორი დავით გიგინეიშვილი რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ 9 ევროკოდის თარგმნის პროცესი უკვე დასრულებულია, მიღებულია რამდენიმე ეროვნული დანართი და სამუშაო პროცესი გრძელდება.
მისი თქმით, გარკვეული შენობა-ნაგებობების შემთხვევაში ევროკოდებით დაპროექტება შესაძლოა გაცილებით ხარჯეფექტიანი იყოს.
„ევროკოდი 8 ჩვენთვის ყველაზე საჭირბოროტოა და ეხება დაპროექტებას სეისმურ რაიონებში. ეროვნული დანართები შემუშავებულია სრულად, ერთადერთი მას აკლია სეისმური საშიშროების რუკის განახლება. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ევროკოდი 8 იყოს დარეგისტრირებული.
ხარჯეფექტიანობაზე ცალსახა კვლევა არ არსებობს, თუმცა ლოგიკურია ითქვას, რომ როდესაც ჩვენ ხარისხს ვამაღლებთ დამატებით საფასურის გადახდა მოგვიწევს ამაში. ამაზე ცალსახა კვლევა არ არის. ჩვენს კომპანიაში, ასევე ჩვენს კოლეგა კომპანიებში დაგვიპროექტებია ევროკოდებით, ქართული ნორმებით და სნიპებით და შედარებები გაგვიკეთებია.
ევროკოდები რაღაც სიმაღლის შენობებს ცოტათი აძვირებს, რაღაც სიმაღლის ზევით პირიქით, აიაფებს. მაგალითად, ცათამბრჯენებისთვის ევროკოდების გამოყენება უფრო ხარჯეფექტიანი იქნება, გააიაფებს, ვიდრე ახლანდელი მოქმედი ნორმები“,-აცხადებს გიგინეიშვილი.