აღნიშნულ საკითხზე საუბრისას "მონოლით ჯგუფის" დირექტორი, თორნიკე მაისურაძე BMG-სთან აცხადებს, რომ სამშენებლო სექტორში კადრების დეფიციტის ფონზე, ბიზნესი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს დაასაქმებს, თუმცა დღიური მუშახელის პოზიციაზე.
"სამშენებლო სექტორში კვალიფიკაციის მხრივ დიდი დიაპაზონი გვაქვს. შესაძლებელია, დაბალი კვალიფიკაციის კადრების მიღებაზე ვიფიქროთ. სამშენებლო ობიექტზე დასაქმებას ვგულისხმობ, სადაც კვალიფიკაცია საჭირო არ არის. უფრო კონკრეტულად, ეს არის დღიური მუშახელის პოზიცია", - აცხადებს თორნიკე მაისურაძე.
BMG-ის კითხვაზე, ანაზღაურების მხრივ რისი შეთავაზება შეუძლია ბიზნესს დღიური მუშახელის პოზიციაზე, თორნიკე მაისურაძემ აღნიშნა:
"დღიური მუშახელის ანაზღაურება თვიურად 1300-1500 ლარია. ვიცი, სახელმწიფო კადრების გადამზადების პროცესში აქტიურად იყო ჩართული, შესაბამისი პროფესიული სასწავლებლებიც გაიხსნა, თუმცა დღეს ამ სასწავლებლებში რა ხდება, არ ვიცი. თუ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ პირებს გადაამზადებს და მათ შესაბამისი კვალიფიკაცია ექნებათ, უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოებზეც დავასაქმებთ".
ცნობისთვის: საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გასულ წელს დაიწყო. პირობების თანახმად, დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს დაწყებული პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივ სამუშაოების ქვეპროგრამაში ჩართვის ხელშეწყობის გზით. მისი მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის შრომისუნარიანი წევრები.
დასაქმების სააგენტოს მონაცემებით, 2022 წელს 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობა მიეცა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულიყო.