სამშენებლო სექტორი კადრების მწვავე დეფიციტზე საუბრობს და პრობლემის რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს. მათ შორის შრომით მიგრაციას და ქვეყანაში მიმდინარე პროექტების როგორც მასშტაბურობის, ისე რაოდენობის ზრდას.
"მონოლით ჯგუფის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მუშახელის უცხოეთიდან შემოყვანის გადაწყვეტილება თავად ჯერ არ მიუღიათ რადგან პროცესი საკმაოდ რთულია, თუმცა როგორც თორნიკე მაისურაძე ამბობს, მდგომარეობა თუ არ გამოსწორდება სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავენ.
“სექტორმა სცადა სახელფასო ანაზღაურების ზრდით დაებალანსებინა ეს პრობლემა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. კადრების დეფიციტი ძალიან მწვავეა და მწვავედ გვეხება თითოეულ კომპანიას. რაც შეეხება უცხოეთიდან კადრების შემოყვანას, ამაზე იყო საუბარი. რამდენიმე კომპანიამ სცადა ეს თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სპეციფიკურია სამშენებლო სფერო ეს ასეთი მარტივი არ არის. იმიტომ რომ საუბარია იმაზე, რომ კანონმდებლობასთან არის წინააღდეგობები.
მათთვის განსაკუთრებული დაზღვევის მექანიზმები მოქმედებს სამშენებლო ობიექტებზე მომუშავე პერსონალისთვის. რიგ შემთხვევებში საჭიროა მოქალაქეობა ან ცხოვრების უფლების მოწმობა, ამიტომ საკმაოდ რთული პროცესია.
ჯერჯერობით ჩვენი კომპანია ამ მიმართულებით არ წასულა, თუმცა მე ვფიქრობ, ეს სიტუაცია თუ გაგრძელდა მომავალი წლიდან უკვე ვიფიქრებთ კადრების უცხოეთიდან შემოყვანაზე”, -ამბობს “მონოლით ჯგუფის” გენერალური დირექტორი თორნიკე მაისურაძე.