მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული სოცდაუცველების დასაქმებას შევთავაზებთ - ჯანდაცვის სამინისტრო

6446942e6bdfa
გიგა ბენია
24.04.23 23:50
927
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს უწყება დასასაქმებლად უკვე კერძო სექტორს შესთავაზებს. როგორც მინისტრის მოადგილემ BMG-თან აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ დასაქმებულ მოქალაქეებს დაბალი ანაზღაურება აქვთ, მათი ინტერესი კი მაღალანაზღაურებაზე მუშაობაა.

„წელს ჩვენი მიზანია, საზოგადოებრივი სამუშაოებიდან მოქალაქეები ღია შრომით ბაზარზე დავასაქმოთ. ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე მუშაობენ, ხელფასის სახით 300 ლარს იღებენ. შესაბამისად, მათი ინტერესი, ვფიქრობთ, შრომით ბაზარზე მაღალანაზღაურებაზე მუშაობაა",- განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

BMG-ს კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა სამინისტრომ მის მიერ დასაქმებული სოციალურად დაუცველების კერძო სექტორში დასაქმება და ნიშნავს თუ არა აღნიშნული მიდგომა იმას, რომ პროგრამამ ვერ გაამართლა, თამილა ბარკალაიამ განაცხადა: „ბიზნესს სჭირდება კადრები".

BMG-ს კიდევ ერთ დამადასტურებელ კითხვაზე, მაშინ პროგრამის დაწყებისთანავე რატომ არ იყო პრიორიტეტი კერძო სექტორისთვის კადრების მიწოდება, თამარ ბარკალაიამ აღნიშნა:

„ეს არის საზოგადოებრივი სამუშაოები, რაც დროებითი ე.წ. ხიდია გრძელვადიან უმუშევრობასა და ღია შრომით ბაზარზე დასაქმებას შორის. შესაბამისად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დამოკიდებულება რომ არ შეიქმნას, მოქალაქეებს უკვე უნდა შევთავაზოთ ღია ბაზარი. პირველი წელი არის შრომის კულტურის გამომუშავება იმისათვის, რომ უმუშევრობიდან ამოვიყვანოთ, გარკვეული გამოცდილება შევძინოთ და დამსაქმებლებისთვის საინტერესო გავხადოთ".

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გასულ წელს დაიწყო. პირობების თანახმად, დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს დაწყებული პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივ სამუშაოების ქვეპროგრამაში ჩართვის ხელშეწყობის გზით. მისი მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის შრომისუნარიანი წევრები.

დასაქმების სააგენტოს მონაცემებით, 2022 წელს 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობა მიეცა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულიყო.

საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში მოსარგებლეები დასაქმებული არიან შემდეგ პოზიციებზე:

1. დამლაგებელი;
2. შენობების და ტერიტორიების დასუფთავება;
3. მეეზოვე;
4. მზარეულის დამხმარე;
5. ტერიტორიების კეთილმოწყობა, გამწვანება და დასუფთავება;
6. მომვლელი, ზრუნვა ავადმყოფებზე, ხანდაზმულებზე, შშმ პირებზე;
7. დამხმარე;
8. საარქივო დამხმარე სამუშაოები;
9. დარაჯი;
10. ტყე-პარკის მეურნეობის მოვლა;
11. საბიბლიოთეკო მომსახურება;
12. სამეურნეო მუშაკი;
13. ტყის აღდგენის სამუშაოები ხანძრის შემდეგ (მოჭრა, გასხვლა);
14. ნიადაგის მომზადება სანერგე მეურნეობისა და ტყის პლანტაციებისთვის, მცენარეთა მოვლა;
15. სასათბურე და ბაღის მეურნეობებში მუშაობა;
16. ნერგების დარგვა;
17. ნარგავების მოყვანა და მოვლა, ტოტების გასხვლა;
18. ბიბლიოთეკარის დამხმარე;
19. ტყის მავნებლებთან ბრძოლა;
20. მონიტორინგის სპეციალისტი;
21. სასაფლაოს მომვლელი;
22. საცალფეხო ბილიკების და გზის საფარის შეკეთება;
23. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სერვისების ექსპლუატაციის დროს დამხმარე სამუშაოები;
24. ჭურჭლის რეცხვა და სხვ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები