მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკომისია საფრანგეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ესპანეთი და საფრანგეთი

ევროკომისიამ კიბერუსაფრთხოების კანონმდებლობის მიუღებლობის გამო საფრანგეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოსთვის სარჩელი მოამზადა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა ქვეყნებმა ევროკავშირის მიერ დადგენილი ვადები სრულად დაარღვიეს და შესაბამისი ცვლილებები არ გაატარეს.

ევროკომისიის ანონიმური წარმომადგენლის განცხადებით, ლუქსემბურგის სასამართლოში დავის დაწყება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. წინასწარი ვარაუდით, სამართლებრივი დავის შედეგად ორივე სახელმწიფოს მრავალმილიონიანი ფინანსური ჯარიმა დაეწერება.

რაც შეეხება საფრანგეთის პოზიციას, ქვეყნის ევროპულ საქმეთა გენერალურმა სამდივნომ სასამართლოსთვის შესაგებლის მომზადება უკვე დაიწყო. რაც შეეხება ესპანეთის საგარეო და ციფრული ტექნოლოგიების სამინისტროებს, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებიათ.

მედიასთან საუბრისას ევროკომისიის პრესსპიკერმა, თომას რენიემ პარიზისა და მადრიდის მიერ დაშვებული დარღვევების შესახებ ვრცლად არ ისაუბრა, თუმცა დაადასტურა, რომ საკითხი სასამართლოში გადაწყდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღო სპეციალური დირექტივა, რომელიც მიზნად სენსიტიური ინდუსტრიების კიბერთავდასხმებისგან დაცვას ისახავს.

დასახელებული წესების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის ბოლო ვადად 2024 წლის ოქტომბერი განისაზღვრა, საფრანგეთმა და ესპანეთმა კი ვალდებულება დროულად არ შეასრულეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს ვალდებულებების შესრულების შესახებ ოფიციალური გაფრთხილება ორჯერ გაუგზავნა, თუმცა შედეგი ვერ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები