მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო

ევროკომისია

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტების პაკეტი მიიღო. შესაბამის ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული დოკუმენტები გადახედავს გაფართოებისწინა პოლიტიკას, განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებსა და იმ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად.

დოკუმენტის მიხედვით:

  • ევროკავშირი შიდა რეფორმებსა და გაფართოებას პარალელურ რეჟიმში იწყებს ევროკომისია აცხადებს, რომ კანდიდატი ქვეყნების რეფორმების პარალელურად, თავად ევროკავშირმაც უნდა მოამზადოს საკუთარი ინსტიტუტები, პოლიტიკა და ბიუჯეტი. გაფართოება შეფასებულია, როგორც „გეოპოლიტიკური იმპერატივი“.
  • ეტაპობრივი ინტეგრაცია წევრობამდე (Gradual Integration) კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეები და ბიზნესი რეალურ სარგებელს წევრობამდე მიიღებენ ისეთ სტრატეგიულ სექტორებში ჩართვით, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ციფრული ტექნოლოგიები და თავდაცვა. თუმცა, ეს პროცესი კვლავ დარჩება დამსახურებაზე დაფუძნებული, პირობითი და შექცევადი.
  • გადაწყვეტილების მიღების წესის გამარტივება (კვალიფიციური უმრავლესობა) მმართველობის ეფექტურობისთვის ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რომ სანქციების, საგადასახადო/ენერგეტიკული პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების შუალედურ ეტაპებზე (მაგ. მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე) გადაწყვეტილებები მიიღებოდეს კვალიფიციური უმრავლესობით და არა ერთსულოვნად (ვეტოს უფლების შეზღუდვით).
  • ახალი უსაფრთხოების მექანიზმები და გარანტიები (Safeguards) მომავალ გაწევრების ხელშეკრულებებში ჩაიდება ძლიერი დამცავი მექანიზმები, რომლებიც გააქტიურდება, თუ ახალი წევრი ქვეყანა უარს იტყვის ნაკისრ ვალდებულებებზე ან დაარღვევს ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა ახალ წევრს საბჭოში ხმის უფლებაც კი შეეჩეროს. ასევე, ახალი წევრი ვერ დააბლოკავს მომავალ გაფართოებას ორმხრივი დავების გამო.
  • ბიუჯეტისა და პოლიტიკის ადაპტაცია (მათ შორის უკრაინისთვის) ევროკავშირის ბიუჯეტი (2028-2034 წლების ჩარჩო) მზადაა ახალი წევრების მისაღებად. უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის მასშტაბიდან გამომდინარე, მისთვის შემუშავდება სპეციალური მიზნობრივი პირობები, რათა შეიზღუდოს ფინანსური მხარდაჭერა და სენსიტიურ აგროპროდუქციაზე წვდომა, ევროკავშირის შიდა ბაზრის დასაცავად.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გაფართოება გეოპოლიტიკური იმპერატივია და ევროპის მომავალი სწორედ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

„დღეს საფუძველს ვამზადებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უფრო დიდი ევროკავშირი უფრო ძლიერიც იქნება: უფრო მყარი, უფრო ეფექტური, და მყარად დაფუძნებული იმ ღირებულებებსა და წესებზე, რომლებიც ჩვენ განგვსაზღვრავენ.

მაშინ როდესაც გაფართოების ქვეყნები წინ მიიწევენ რეფორმების საკუთარ გზაზე, ევროკავშირი მზად უნდა იყოს მათ მისაღებად. ეს ნიშნავს ჩვენი ინსტიტუტების მომზადებას, ჩვენი პოლიტიკის ახალი რეალობისთვის მომზადებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი ბიუჯეტი ასახავს ჩვენს საერთო ამბიციებს”, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გაფართოების პროცესში მონაწილეობა კვლავაც იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული, პირობითი და შექცევადი. მათივე განმარტებით, პროცესის წარმატება დამოკიდებული იქნება კანდიდატი ქვეყნების პოლიტიკურ მზადყოფნასა და სტრატეგიულ თანხვედრაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები