ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ევროპულ უწყებაში აქვთ ეჭვი, რომ Google-მა მედიაგამოცემების ტექსტობრივი მასალები, ასევე ე.წ. იუთუბერების მიერ ატვირთული ვიდეოები საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელის, Gemini-ს განვითარებისთვის გამოიყენა. გამოიყენა თანაც ისე, რომ მხარეებისგან არავითარი თანხმობა არ მიუღია და არც კომპენსაცია გადაუხდია მათთვის.
შესაბამისად, Google-ი ავითარებს ისეთ AI მოდელს, რომელიც ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. მისი სრულყოფილი სერვისის მიღებაში მომხმარებლები ფულს იხდიან. მიღებულ თანხას კი კომპანია არ უზიარებს იმ გამოცემებსა თუ იუთუბერებს, რომელთა მონაცემების გარეშეც Gemini-ს მოდელს არსებულ დონემდე ვერ აიყვანდა. რაც მთავარია, Google-ი საკუთარ ხელოვნურ ინტელექტს ღირებულ მასალებს მათი თანხმობის გარეშე აწვდის.
დამატებითი პრობლემა, რომელზეც ევროკომისიაში ამახვილებენ ყურადღებას არის ის, რომ მსგავსი მასალების, განსაკუთრებით კი Youtube-ზე ატვირთული ვიდეოების გამოყენების უფლებას Google-ი კონკურენტ კომპანიებს არ აძლევს, რითაც კონკურენციის შესახებ კანონსაც არღვევს.
თუ კომისია დაადგენს, რომ Google-მა არსებული რეგულაციები დაარღვია, კომპანიას ჯარიმის სახით გლობალური შემოსავლების 10%-ის გადახდა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ტექ-გიგანტი არ არის ერთადერთი, რომელსაც ბოლო პერიოდში მსგავსი სამართლებრივი პრობლემები შეექმნა. რამდენიმე თვის წინ $230-მილიონიანი ჯარიმა მარკ ცუკერბერგის Meta-მ მიიღო, სულ რამდენიმე დღის წინ კი $140 მილიონით დაჯარიმდა ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ი.




























