მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა აღიარა - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

განათლების მინისტრის განცხადებით, ევროკომისიამ საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა აღიარა - გივი მიქანაძის კომენტარს უწყება ავრცელებს. მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ არაერთი აღიარება მოვისმინეთ ევროკომისიის მხრიდან, რომელიც საქართველოს წარმატებაზე მეტყველებს.

"მსგავსად საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფინანსური ორგანიზაციებისა, მათ განაცხადეს, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა რეალობაა. ახლა კი ვხედავთ, რომ აღიარეს საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა პროფესიული განათლების სფეროსა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის კუთხით“, – ამბობს მიქანაძე.

2026 წლის გაფართოების ანგარიშში ევროკომისია წერს, რომ საქართველო გარკვეულ პროგრესს მიაღწია პროფესიული განათლების გზაზე, თუმცა უარყოფითად შეაფასა მიმდინარე წელს მიღებული ე.წ უმაღლესი განათლების რეფორმა.

კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ განაგრძო პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება. თუმცა უმაღლესი განათლების ბოლოდროინდელმა რეფორმამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს აკადემიური სწავლების ხარისხზე. ის ასევე კითხვებს აჩენს უნივერსიტეტების ავტონომიის შესახებ. კვლევასა და ინოვაციებზე ხარჯები კვლავაც ძალიან დაბალი რჩება.

მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც საზოგადოების მზარდი ნდობით, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა ყოველწლიური ზრდითა და სახელმწიფოს მიერ სწავლის სრულად დაფინანსებით დასტურდება.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული არის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყვნენ ჩვენი მოქალაქეები დასაქმების შესაძლებლობით და ღირსეული ანაზღაურებით. ამის ფუნდამენტს კი ხარისხიანი განათლება და შესაბამისი კვალიფიკაცია ქმნის.

სწორედ ამიტომ, პროფესიული განათლების განვითარება ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია არა მარტო სამინისტროსთვის, არამედ მთლიანად მთავრობისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

საზოგადოების მხრიდან იზრდება პროფესიული განათლების მიმართ ნდობა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მატულობს.

სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებს სრულად უფინანსებს სწავლას როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში. კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ევროკომისია აღიარებს საქართველოს პროგრესს და არის წარმოჩენილი როგორც ლიდერი, მაშინ როდესაც, პარალელურად, გვესმის პოლიტიკური განცხადებები, რომლის უკანაც არანაირი არგუმენტი არ დგას. ცხადია, რომ ეს არის მიზანმიმართული მცდელობა და ორმაგი სტანდარტის დანერგვა საქართველოსთან მიმართებით. სწორედ მათივე განცხადებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ ორმაგი სტანდარტით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებთან, რომელზეც ევროკომისია ხშირად აკეთებს აქცენტირებას.

ევროკომისიის მხრიდან გაჟღერებული აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო აგრძელებს პროგრესს, შესაბამისი სტანდარტებით და თავისი განვითარებით ძალიან უახლოვდება იმ საერთო მოცემულობას, რაც ევროკავშირისთვის არის დამახასიათებელი. საქართველო ინარჩუნებს ლიდერობას კანდიდატ წევრებს შორის და ბევრი სხვა მონაცემით საქართველო მოქმედ ევროკავშირის წევრებსაც კი უსწრებს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები