საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების 2026 წლის ანგარიშს ეხმაურება და მას მეტწილად ტენდენციურს უწოდებს. საგარეო უწყების განცხადებით, დოკუმენტი შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებსა და მცდარ შეფასებებს, რაც ხელს უწყობს „ანტიქართული ნარატივების გამყარებას“.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის მხარემ დიალოგის შეჩერების მიზეზით არ გამართა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრები, რამაც, მათი შეფასებით, შეზღუდა პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებით აკრიტიკებს ანგარიშში ასახულ შეფასებებს მმართველობასა და მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით.
„მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა სახელმწიფოსა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. შემაშფოთებელია, რომ ანგარიში შერჩევითი ანალიზის საფუძველზე ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობას წარმოადგენს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგარეო უწყება ასევე მიუთითებს, რომ ქართველი პოლიტიკოსების საპასუხო განცხადებების „მტრულ რიტორიკად“ შეფასება გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმას წარმოადგენს.
„სხვადასხვა აქტორების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებების მტრულ რიტორიკად შეფასება გამოხატვის თავისუფლების პრინციპზე თავდასხმაა, ემსახურება ნდობის შერყევას და აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის საფუძვლებს“, - აცხადებენ სამინისტროში.
კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს, წარუდგენს მას დასაბუთებულ კომენტარებს და ადასტურებს მზაობას „ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის“.
























