ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. მანამდე, ერთი დღით ადრე, ის აზერბაიჯანს ეწვია.
როგორც ადგილობრივი ტელეარხები პირდაპირ ეთერში იტყობინებიან, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის თვითმფრინავი ერევნის ზვართნოცის აეროპორტში დაეშვა. მას აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.
ფონ დერ ლაიენი მოლაპარაკებებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მართავს. მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.
აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამხრეთ კავკასიაში დაკავშირებადობის გასაძლიერებლად ევროკავშირის 200 მილიონ ევროიანი დაფინანსება დააანონსა.
ფონ დერ ლაიენმა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ევროკომისარ მარტა კოსთან ერთად შეხვდა, აღნიშნა, რომ ინიციატივის მიზანია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მხარდაჭერა რეგიონული კავშირების გაძლიერებისა და ადგილობრივი თემებისთვის მიზნობრივი დახმარების გაწევის გზით.
ევროკომისიის განცხადებით, დამატებით 20 მილიონი ევრო სომხეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივი თემების მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოიყოფა, რაც მოიცავს ინვესტიციებს ჯანდაცვაში, განაღმვით სამუშაოებში, პროფესიული უნარების განვითარებასა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაში.




























