სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გრძელვადიანი სტაბილურობის მთავარ ამოცანად დაასახელა.
მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და დიპლომატიური პროცესის ფინალურ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობას ხაზი გაუსვა. სომხეთის ლიდერის განმარტებით, მეზობელმა სახელმწიფოებმა საერთო მომავალი ერთობლივად უნდა შექმნან. ფაშინიანის თქმით, უახლოეს პერიოდში მხარეებმა ყურადღება შეთანხმების პარაფირებაზე, ხელმოწერასა და შემდგომ რატიფიცირებაზე უნდა გაამახვილონ.
ვიდეოში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სამშვიდობო პროცესის დასრულება ქვეყნისთვის ისტორიულ ეტაპად შეაფასა. ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ "სახელმწიფოებრიობის მარადიულობისთვის" მყარი საფუძველი შეიქმნება.
„როდესაც ეს მოხდება, ჩვენ შევძლებთ დავაფიქსიროთ, რომ სომხეთის სახელმწიფოებრიობის მარადიულობის ქვაკუთხედი დაიდო“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის, ერევანსა და ბაქოს შორის ორმხრივი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე მოლაპარაკებები რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დოკუმენტი მიზნად მხარეებს შორის ურთიერთობების სრულ დარეგულირებას, საზღვრების დელიმიტაციასა და რეგიონული კავშირების აღდგენას ისახავს.
























