მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ევროკრედიტი“ წელს 30%-იანი ზრდით ასრულებს და პორტფელის დივერსიფიკაციას გეგმავს

ევროკრედიტი ირაკლი წურწუმია

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტი“ მიმდინარე წელს წარმატებულად აფასებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ორგანიზაციამ წინასწარ დასახულ ყველა მთავარ მიზანს მიაღწია, რაც როგორც ქსელის გაფართოებას, ისე ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას გულისხმობს.

„ევროკრედიტის“ მონაცემებით, კომპანიის ფილიალების რაოდენობამ უკვე 30-ს მიაღწია, რაც წლის დასაწყისშივე იყო დაგეგმილი. ზრდა ფიქსირდება როგორც საკრედიტო პორტფელის, ისე მოგების ნაწილში.

“დაახლოებით 20-30%-ით არის გაზრდილი საქმიანობა, რაც ეხება როგორც პორტფელის, ასევე მოგების ნაწილს. პორტფელის ნაწილში, შეიძლება ცოტა ნაკლებია ზრდა, მაგრამ მოგების ნაწილში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს ფინანსურ მონაცემებში” - ამბობს "ევროკრედიტის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირაკლი წურწუმია BMG-სთან.

დღეისთვის „ევროკრედიტის“ ძირითად პორტფელს ავტოსესხები წარმოადგენს, თუმცა, კომპანია აქტიურად მუშაობს პორტფელის დივერსიფიკაციაზე. მიმდინარე წელს ორგანიზაციამ აქტიურად დაიწყო ბიზნესსესხების გაცემა, რაც მომავალი წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

“ჩვენი პორტფელი ზრდის საკმაოდ კარგი ტრენდით ხასიათდება. გვინდა, რომ მომავალ წელს, ერთგვარად, უნივერსალურ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ჩამოვყალიბდეთ. ანუ ის შესაძლებლობები, რაც ჩვენი სტატუსის შესაბამისად გვაქვს, ყველა პროდუქტის მიმართულებით, გამოვიყენოთ. ჩვენ ასევე ვეხებით აგროსექტორსაც - რეგიონების მიმართულებით ვაპირებთ უფრო გაძლიერებას და აქტივობის გაზრდას” - ამბობს ირაკლი წურწუმია.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად არ იზრდება, საგრძნობლად მომატებულია აქტივობა ერთეულ მომხმარებელზე. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ფინანსური სექტორის პოზიტიური დინამიკა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის საერთო ეკონომიკურ ზრდასთან.

2025 წელს მიკროსაფინანსო სექტორის ზრდის ტემპი დაჩქარდა. “კრისტალისა” და “ემბისის” მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ, ბაზარზე გამოთავსუფლებული ნიშის ათვისებას, მიკროსაფინანსო სეგმენტში დარჩენილი სხვა ორგანიზაციები ცდილობენ, დღეისთვის, ბაზარზე 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

9 თვის მონაცემებით, სექტორის წმინდა მოგებამ 109.4 მლნ ლარი, გაცემული სესხების მოცულობამ კი, 1.771 მლრდ ლარი შეადგინა. ორი ორგანიზაციის მიკრობანკად გარდაქმნის ეფექტის გამოკლებით, წლის დასაწყისიდან სექტორი დაახლოებით, 30%-ით გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები