მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევრონესტის ისტორიაში პირველად ქართველები არ ესწრებიან ოფიციალურ შეხვედრებს - იუკნევიჩიანე

 რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიანე სომხეთში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას საქართველოზე საუბრობს და ამბობს, რომ ასამბლეის ისტორიაში პირველად მასში ქართველები არ მონაწილეობენ.

მან ასევე ხაზი გაუსვა სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ პოზიტიურ მოვლენებს მათ შორის, სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან და ამის საპირწონედ მოიყვანა საქართველოს მაგალითი, სადაც ვითარება სომხეთისგან განსხვავებით, გაუარესებულია.

"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩვენს ანგარიშებში იმის წაკითხვა, თუ რა ხდება ადგილზე. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ასეთი შეფასებების წაკითხვა ქვეყნის შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყანა იყო რეფორმებით და ყველაფრით, რასაც ვაკვირდებოდით. რა თქმა უნდა, არა მგონია, რომ ეს სამუდამოდ ასე იყოს და ჩვენს მომავალ ანგარიშებში პუნქტები არ შეიცვლება. ვფიქრობ, პირველად ხდება ევრონესტის ისტორიაში, როცა ქართველები აქ არ გვყავს ოფიციალურ შეხვედრაზე. ეს ასამბლეა არის პლატფორმა არა მხოლოდ სიტუაციის შესაფასებლად, არამედ ერთმანეთის დასახმარებლად ერთსა და იმავე ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც კოლონიური იმპერიალისტური რუსეთის ფედერაცია ჰქვია", - განაცხადა იუკნევიჩიანემ.

შეგახსენებთ,საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დელეგაციამ უარი თქვა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 სესიაში მონაწილეობაზე, რომელიც 28-30 ოქტომბერს ერევანში იმართება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უარის მიზეზად დასახელდა ზოგიერთ ევროპარლამენტართა მხრიდან „მტრული რიტორიკა და ქმედებები“, ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიწვევა ასამბლეაზე.

„ევრონესტი არის ევროპარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დიალოგის პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპარლამენტსა და ამ ქვეყნების პარლამენტებს შორის სხვადასხვა საკითხის განხილვა. ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავად მასპინძელი სომხეთი და მის გარდა უკრაინა, ესეც აჩვენებს თავისთავად, რომ რაღაც არ ხდება სწორად ევროპარლამენტის მხრიდან. მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და საქართველო არ იღებს მონაწილეობას ამ სხდომაში. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არასწორია ქცევა“, – განაცხადა "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები