მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროოპტიმისტებმა“ პარლამენტში 25 საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს - ჯგუფის ანგარიში

ხატია დეკანოიძე

პარლამენტში „ევროოპტიმისტებმა“ 1 წლის განმავლობაში, 25 საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს, მათგან სამი იყო რეზოლუციის პროექტი და ორი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ეხებოდა.

პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც პარლამენტში 2023 წლის მაისში დარეგისტრირდა და მასში რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე ერთიანდებიან, საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირების შემდეგ საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებენ.

მათ მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს შეეხებოდა, კერძოდ კი საგადასახადო საკითხებს, რუსული გავლენების შემცირებას, სკოლების დამოუკიდებლობის გაზრდასა და დეპოლიტიზებას, ეროვნული ბანკის სტაბილურობას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ბიუჯეტის ფორმირების წესში ცვლილებებს, ზოგიერთი სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის სანქციების შემსუბუქებას, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებასა და სხვა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობების მისამართით 238 სადეპუტატო კითხვა მოამზადეს. აქედან, ხატია დეკანოიძეს 157, რომან გოცირიძეს კი - 91 ეკუთვნოდა.

„ევროოპტიმისტების“ წევრების ინიციატივით ინტერპელაციის მექანიზმის გამოყენება ხუთჯერ მოხდა. შეკითხვები ორჯერ გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, ორჯერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს და ერთხელ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

ვახტანგ გომელაურის მიმართ დასმული შეკითხვები ერთ შემთხვევაში 2023 წლის 7-8 მარტის აქციებისას დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ ღონისძიებებს, მეორე შემთხვევაში კი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას შეეხებოდა.

ლევან დავითაშვილთან შეკითხვების ერთი ნაწილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს შეეხებოდა, მეორე შემთხვევაში კი დაბა ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის საგანი არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის ხელშეწყობას შეეხებოდა.

რაც შეეხება პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრების პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლებს, უმცირესობის დეპუტატები სიტყვით 222-ჯერ გამოვიდნენ. მათგან ხატია დეკანოიძემ გამოსვლის უფლებით 139-ჯერ ისარგებლა, რომან გოცირიძემ კი 83-ჯერ.

„ევროოპტიმისტების“ წევრები პარლამენტის სხვა დეპუტატებთან ერთად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სავარაუდო უკანონო გამდიდრებისა და სავარაუდო კორუფციული დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივის ავტორები იყვნენ.

"ევროოპტიმისტების" ინფორმაციით, პოლიტიკურმა ჯგუფმა საანგარიშო პერიოდში მოამზადა ოთხი კვლევა. კერძოდ: „რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ“; „შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს დაქვემდებარებულ დაწესებულებეში“; „მიგრაცია საქართველოში: ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე“ ; „ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების გაჭიანურება“.

„კვლევებში გამოვლენილ მიგნებებზე რეაგირების მიზნით პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა გამოიყენეს სხვადასხვა საპარლამენტო ინსტრუმენტები როგორც საკანონმდებლო, ისე საკონტროლო მიმართულებით“, - აღნიშნავენ "ევროოპტიმისტებში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები