მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპა, აშშ, კანადა - „ნათენაძის ღვინოები“ ექსპორტზე გავიდა

5f98389ae8627
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.20 00:12
1586
მესხური ღვინის მწარმოებელმა და კომპანია „მესხური ბრენდის“ დამფუძნებელმა გიორგი ნათენაძემ 5 თვიანი პაუზის შემდეგ „ნათენაძის ღვინოების“ ექსპორტი განაახლა.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას გიორგი ნათენაძე აცხადებს, 4 000 ცალი ქვევრის მესხური ღვინო ბელგიაში, გერმანიაში, აშშ-ში და პირველად იტალიასა და კანადაში გავა.

„ყველაზე კარგი ის არის, რომ პანდემიის პერიოდში პირველი შეკვეთები მივიღეთ იტალიიდან და ეს პროცესი, იტალიაში ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე დაიწყო. კომუნიკაცია ჩვენსა და იტალიელ პარტნიორებს შორის სწორედ მაშინ დამყარდა და მას შემდეგ ველოდებოდით ხელსაყრელ დროს ღვინის იტალიაში გასატანად.

პანდემიის პირობებში ასევე ავითვისეთ ჩვენთვის ახალი – კანადის ბაზარი და ამ მიმართულებით ღვინოების სატესტო მოცულობა რამდენიმე დღეში გაიგზავნება, ხოლო შემდეგ მოხდება რაოდენობის გაზრდა“, - აცხადებს გიორგი ნათენაძე.

მისი თქმით, კომპანიის ტრადიციული ბაზრებიდან მოთხოვნა იყო, თუმცა პანდემიის გამო სარესტორნე ბიზნესის გაჩერებისა და ქვეყნებში საყოველთაო ლოქდაუნების ფონზე, ეს შეკვეთები გადავადდა.

„ბელგიაში, გერმანიასა და აშშ-ში სამი კვირის წინ გავუშვით ღვინო. ამასთან ახლა მზადდება მეორე პარტია, რომელიც ნოემბერში აშშ-ში გაიგზავნება, შეიძლება ითქვას რომ ამ მიმართულებით გაყიდვები ყოველწლიურად 30%-40%-ით იზრდება. წელს მეგონა რომ შემცირდებოდა, მაგრამ უბრალოდ გატანა დაგვიანდა 4-5 თვით. ახლა კი ამერიკიდან 2018 წლის და 2019 წლის ღვინოებზე ორი შეკვეთა მაქვს“, - აღნიშნა ქართველმა მეღვინემ.

გიორგი ნათენაძის თქმით, საექსპორტო მოცულობების ნაწილი პრემიუმ ღვინოებია, ხოლო ნაწილი საშუალოზე მაღალი კლასისაა.

მეწარმე ამბობს, რომ განსაკუთრებით გაძნელდა ექსპორტზე 2019 წლის ღვინოების გაშვება, რადგან ყველა საერთაშორისო გამოფენა COVID-19-ით შექმნილი მდგომარეობის გამო გადაიდო და მათ ვერ შეძელს ამ ღვინის საზოგადოებისთვის გაცნობა.

„გვიწევს ინდივიდუალურად რამდენიმე ბოთლის გაგზავნა იმისთვის, რომ გასინჯონ ღვინოები და მოწონების შემთხვევაში შეიძინონ. ეს პროცესი მეტ ხარჯთან და დროსთან არის დაკავშირებული, მაგრამ მაინც დისტანციურად ვახერხებთ "ტესტინგების" ჩატარებას და შესაბამისად მოთხოვნაც 2019 წლის ღვინოებზე წამოვიდა“, - განუცხადა BM.GE-ის მეღვინემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები