მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპა აშშ-ს თავდაცვის სტრატეგიის პრიორიტეტი აღარ იქნება - ის გრენლანდიამ ჩაანაცვლა

გრენლანდია

ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტმა, იგივე პენტაგონმა ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგია წარმოადგინა, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი, თუ რა მიიჩნევა სახელმწიფოებრივ გამოწვევად და მსოფლიოს რომელ რეგიონებზე აპირებს ქვეყანა მეტი ყურადღების გადატანას.

დოკუმენტის თანახმად, ოფიციალური ვაშინგტონის პრიორიტეტი გრენლანდია გახდება, აქცენტი კი ევროპასა და კონტინენტზე მყოფ მოკავშირეებზე ნაკლებად გაკეთდება.

უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის თანახმად, ევროპულ სახელმწიფოებს აქვთ საკმარისი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობა, რათა მათ წინაშე არსებულ რეგიონულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონტინენტური მოკავშირეების მიმართ ინტერესის შემცირების მიზეზი ისიც არის, რომ ევროპის წილი გლობალურ ეკონომიკაში ბოლო წლებში მკვეთრ კლებას განიცდის, რაც მას ამერიკისთვის ნაკლებად საინტერესოს ხდის. ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შტატები ევროპის მოკავშირედ დარჩება, თუმცა მისი როლი, მათ შორის, NATO-ს გზით კონტინენტის უსაფრთხოების გარანტირების კუთხით, შემცირდება.

რაც შეეხება გრენლანდიას, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა განახლებულ დოკუმენტში განსაკუთრებითაა გამოკვეთილი და ის ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. ჰეგსეტის უწყებაში მიიჩნევენ, რომ კუნძულს იმდენადვე დიდი ღირებულება აქვს ახლა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანიც მე-20 საუკუნეში პანამის არხი იყო.

როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, არქტიკულ რეგიონზე შეუზღუდავი კონტროლის მექანიზმების გაჩენა აშშ-ს სამხედრო და კომერციული ინტერესებისთვის კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. არსებული ინფორმაციით, პენტაგონი მუშაობს რამდენიმე სცენარზე, რომელიც არქტიკულ რეგიონში შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გატარებას უზრუნველყოფს. დასრულებული ვარიანტები კი განსახილველად და დასამტკიცებლად პრეზიდენტ ტრამპს წარედგინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები