მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპამ Visa-სა და Mastercard-ის ალტერნატივა უნდა შექმნას – EPI-ის დირექტორი

ევრო

ევროპული საგადახდო ინიციატივის (EPI) აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინა ვაიმერტმა ევროპის ფინანსურ სუვერენიტეტთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კონტინენტს სასწრაფოდ სჭირდება Visa-სა და Mastercard-ის ალტერნატივა.

მისი განმარტებით, ევროპა ზედმეტად არის დამოკიდებული ამერიკულ საგადახდო გიგანტებზე, რაც მას გეოპოლიტიკურად მოწყვლადს ხდის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები შეიძლება შეიცვალოს.

ვაიმერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დაგეგმილი ციფრული ევროს პროექტი შესაძლოა ძალიან გვიან გამოჩნდეს, ამიტომ კერძო სექტორმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს ერთიანი ევროპული სისტემის შესაქმნელად. ამ არგუმენტს განსაკუთრებით ამყარებს ის ფაქტი, რომ ECB ჯერ ციფრული ევროს პროექტის საპილოტე პროგრამის ჩასაშვებადაც არ არის მზად.

ვაიმერტის თქმით, ევროზონაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების თითქმის ორი მესამედი ამერიკულ ქსელებზე მოდის, ხოლო ევროკავშირის 13 ქვეყანას საერთოდ არ გააჩნია საკუთარი ეროვნული საგადახდო სისტემა.

მისი აზრით, თუ ევროპა საკუთარ ინფრასტრუქტურას არ განავითარებს, ის სამუდამოდ დარჩება სხვა ქვეყნების ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპული ბიზნესის კონკურენტუნარიანობას დააზიანებს და კონტინენტის განვითარებას შეაფერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები