მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტარების აქ ჩამოსვლა ნიშანია ევროპული მხარდაჭერის, რომ ევროპა ხელიდან არ გვიშვებს - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ევროპული მხარდაჭერის ნიშანია.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანა კრიზისში ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნების გამო შევიდა.

"მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს, 8 ქვეყანას წარმოადგენენ და ესენი არიან საქართველოს მართლაც ერთგული მეგობრები, რომლებიც პირველი დღიდან გვერდში უდგანან საქართველოს სახელმწიფოს, მის ევროპულ გზას და თუ ჩვენ შარშან დეკემბერში მივედით იმ დონემდე, რომ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი ეს ჩვენი მეგობრების დამსახურებაა პირველ რიგში, რომ გვენდნენ. ეს ნდობის ნიშანი იყო უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოსთვის და ვიზეიმეთ დეკემბერში. რომ ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან ღრმად მტკიცა გული იმ დაკარგულ შანსზე, რომელიც ჯერ კიდევ სადღაც არის, მაგრამ ჩვენი მოსაპოვებელია ამ ჩვენს მეგობრებთან ერთად.

მათი აქ ჩამოსვლა ახლა, როდესაც საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, არის კიდევ ერთხელ ნიშანი ევროპული მხარდაჭერის, რომ ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს, ჯერ კიდევ სჯერა, რომ საქართველოსი და მისი ევროპულობის, ქართველი ხალხის ევროპულობის, რომელიც არაერთხელ გამოიხატა ამ 33 წლის მანძილზე, ყველა ჯერზე, როდესაც ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი ეჭვქვეშ იყო, საზოგადოება გამოდიოდა და ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე პრაქტიკულად ეს 30 წელი ქუჩაში გავატარე, იმიტომ რომ დემოკრატიული პრინციპის მიმართ გადახვევა ხელისუფლების მიერ ყოველთვის იყო გაპროტესტებული. ეს არის ქვეყანა, სადაც მართლად საზოგადოება ევროპული და დემოკრატიულია. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს დაეუფლა და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომ არის, რომ ჩვენ შევდივართ კრიზისში. ცესკოს ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება რომ იყოს, კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად ნახონ ის გზები, რითაც შეიძლება ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. საქართველო გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით, სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა. ესაა ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა, სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან ჩვენთან ერთად ღრმად დარწმუნებულნი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები